ევროკავშირის ქვეყნებში ჩატარებული კვლევის თანახმად, მოქალაქეებს სურთ, ევროპა იყოს ნეიტრალური აშშ-ჩინეთის კონფლიქტში და ნაკლებად დაეყრდნოს ამერიკული უსაფრთხოების გარანტიებს
ევროკავშირის ქვეყნებში ჩატარებული კვლევის თანახმად, მოქალაქეებს სურთ, ევროპა იყოს ნეიტრალური აშშ-ჩინეთის კონფლიქტში და ნაკლებად დაეყრდნოს ამერიკული უსაფრთხოების გარანტიებს, – ამის შესახებ ნათქვამია „საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს“ კვლევაში. გამოკითხვა ევროპის 11 ქვეყანაში: ავსტრიაში, ბულგარეთში, დანიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, უნგრეთში, იტალიაში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, ესპანეთსა და შვედეთში ჩატარდა.
„საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს“ კვლევის თანახმად, ევროპის მოქალაქეები უფრო მეტად არიან მაკრონის გუნდში, ვიდრე ფონ დერ ლაიენის გუნდში. ისინი არ აღიქვამენ ჩინეთს, როგორც ძალას, რომელიც აყენებს გამოწვევას და სურს, ძირი გამოუთხაროს ევროპას, და ისინი არ ეთანხმებიან ჩარჩოს „დემოკრატია ავტოკრატიის წინააღმდეგ“, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაცია უჭერს მხარს.
ორგანიზაციის სტატიაში აღნიშნულია, რომ ჩინეთში ვიზიტის დროს მაკრონის გზავნილი იყო შემდეგი: პარიზს სურს პეკინთან მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა, მაშინაც კი, თუ ჩინეთი არ ეწინააღმდეგება რუსეთის შეჭრას უკრაინაში და განაგრძობს მჭიდრო ურთიერთობას კრემლთან. ევროპელებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ რუსეთი და ჩინეთი ერთად მუშაობენ გლობალურ სცენაზე.
კვლევაში შეტანილ თითქმის ყველა ქვეყანაში გაბატონებული შეხედულებაა, რომ ჩინეთთან ევროპის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების რისკები და სარგებელი დაბალანსებულია. რაც შეეხება რუსეთს, ქვეყნებში გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობა თანხმდება, რომ რუსეთი მათი ქვეყნის – და ევროპის – „მოწინააღმდეგეა“. გამოკითხულ ქვეყნებს შორის ბულგარეთი ერთადერთია, სადაც საზოგადოების უმრავლესობა რუსეთს ევროპის „მოკავშირედ“ ან „პარტნიორად“ აღიქვამს. ყველა ქვეყანაში მოქალაქეების 50 პროცენტს ან მეტს სურს, რომ მათმა ქვეყნებმა აღადგინონ რუსეთთან ურთიერთობის რაიმე ფორმა მაინც, თუ ომი მოლაპარაკების გზით დამთავრდება.
რაც შეეხება აშშ-ს, რესპონდენტთა სამი მეოთხედი ეთანხმება, რომ ევროპა ყოველთვის არ შეიძლება, დაეყრდნოს შეერთებულ შტატებს და რომ მან უნდა იზრუნოს საკუთარ თავდაცვით შესაძლებლობებზე. გამოკითხული მოქალაქეები მტკიცედ გრძნობენ, რომ ევროპას სჭირდება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში მოქმედების შესაძლებლობების გაზრდა. ამავდროულად, ევროპელები უსაფრთხოების თვალსაზრისით აშშ-ზე დამოკიდებულებას განსაკუთრებით საშიშად არ თვლიან.
კვლევა აჩვენებს, რომ ევროპის შეერთებულ შტატებთან აღქმული სიახლოვე არ ნიშნავს მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს აშშ-ს ჩინეთის წინააღმდეგ ჰიპოთეტურ კონფლიქტში ტაივანთან დაკავშირებით. თუ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ტაივანის გამო კონფლიქტი წამოიჭრება, საშუალოდ, მხოლოდ მეოთხედს სურს, რომ მათმა ქვეყანამ ან ევროპამ დაიჭიროს ამერიკის მხარე, ხოლო აშკარა უმრავლესობას სურს, ნეიტრალური დარჩეს. ამერიკელები ყველაზე მეტ მხარდამჭერს პოულობენ შვედეთის, პოლონეთის, ნიდერლანდებისა და დანიის მოსახლეობას შორის. ამგვარად, როგორც ჩანს, ევროპელები არ იზიარებენ ბევრი ამერიკელი სტრატეგის შეხედულებას, რომ ნატო-ს აღმოსავლეთი ფლანგი და ინდო-წყნარი ოკეანეთი ორი ურთიერთდაკავშირებული ადგილია.