ევროპარლამენტმა შენგენის საინფორმაციო სისტემისთვის წესების სამი ახალი პროექტი დაამტკიცა, რომლის საშუალებითაც ევროკავშირის ქვეყნები არალეგალურად მყოფი პირების შესახებ ინფორმაციას გაცვლიან.
ახალი წესების ძალაში შესვლის შემდეგ, სასაზღვრო სამსახურები უკვე ინფორმირებული იქნებიან მესამე ქვეყნის მოქალაქე იმ პირების შესახებ, რომელთა მიმართაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფო სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილებას გამოიტანს. შესაბამისად, აღნიშნული პირი ევროკავშირის სხვა ქვეყანაში გადასვლით დეპორტირებისგან თავის დაღწევას ვეღარ შეძლებს.
დღეისათვის შენგენის საინფორმაციო სისტემასთან წვდომა უკვე აქვთ სასაზღვრო, პოლიციის, საბაჟო, სასამართლო და საიმიგრაციო ორგანოებს. რეფორმის ფარგლებში კი, დაუყოვნებლივ შეტყობინებებზე წვდომა ექნება ევროპოლსაც, სასაზღვრო და სანაპირო დაცვის ევროპული სააგენტო კი ინფორმაციას მიიღებს ამ შეტყობინებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
კიდევ ერთი დადგენილება ტურისტების ავტორიზაციის სისტემის შექმნას ითვალისწინებს. ევროკავშირის არაწევრი მოქალაქეები, რომელთაც ევროკავშირის ტერიტორიაზე შესასვლელად ვიზა არ ესაჭიროებათ, ვალდებული იქნებიან, 2021 წლიდან შეავსონ ელექტრონული ანკეტა ისეთი პირადი მონაცემების მითითებით, როგორებიცაა სახელი და გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, სქესი და ეროვნება, პასპორტის მოქმედების ვადა და გამცემი ორგანო, საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე მიუთითონ ევროკავშირის ის ქვეყანა, რომელიც მათი მოგზაურობის დროს დანიშნულების პირველ ადგილს წარმოადგენს. ამ ანკეტის საფუძველზე, გაიცემა ე.წ. ნებართვა, რომლის საფასურიც შვიდი ევრო იქნება და სამწლიანი მოქმედების ვადა ექნება. ნებართვის მიღება უფასო იქნება 18 წლამდე და 70 წელზე უფროსი ასაკის პირებისთვის.
ტურისტების ავტორიზაციის ახალი სისტემის მიზანია, ევროკავშირის ტერიტორიაზე არ დაუშვან არალეგალი მიგრანტები და არასასურველი პირები, ასევე პოტენციურად ეპიდემიოლოგიური საფრთხის შემცველი პირები.
რაც შეეხება, ნასამართლეობასა და კონფლიქტის ზონაში ნამოგზაურებ პირებს, მათ აუცილებლად უნდა მიუთითონ ანკეტაში ბოლო 10 წლის განმავლობაში (ტერორიზმთან დაკავშირებით გასამართლებულებმა ბოლო 20 წლის ინფორმაცია) დაფიქსირებული ფაქტის შესახებ.