ევროკავშირის პროექტის „იუ ნეიბორს ისთ“-ის კვლევა - საქართველოს მოსახლეობის 77 პროცენტი ფიქრობს, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა კარგია
საქართველოს მოსახლეობის 77 პროცენტი ფიქრობს, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა კარგია, – ამის შესახებ ევროკავშირის პროექტ „იუ ნეიბორს ისთ“-ის ფარგლებში ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევაშია აღნიშნული.
კვლევის მიხედვით, ევროკავშირს საქართველოს მოსახლეობის 69 პროცენტი ენდობა, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს კი, 28 პროცენტი. სოციოლოგიურ კვლევაში ნათქვამია, რომ ქართველების 49 პროცენტს აქვს ევროკავშირის მიმართ დადებითი შეხედულება, უარყოფითი კი, მხოლოდ შვიდ პროცენტს. კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 61 პროცენტმა იცის ქვეყნის მიმართ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ და მათი 69 პროცენტი მხარდაჭერას ეფექტურად თვლის.
საერთო ჯამში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ჩატარებული ახალი გამოკითხვები ევროკავშირის მიმართ მაღალ ნდობას აჩვენებს. კვლევის თანახმად, აღმოსავლეთ სამეზობლოში ევროკავშირი ყველაზე დიდი სანდოობით სარგებლობს (60 პროცენტი). გამოკითხვები აჩვენებს, რომ რეგიონის მოსახლეობის ორი მესამედი (70 პროცენტი) ფიქრობს, რომ მათი ქვეყნის ევროკავშირთან ურთიერთობა „კარგია“.
აღმოსავლეთის სამეზობლოს მოქალაქეების 57 პროცენტმა იცის ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერის შესახებ და მათი 53 პროცენტი თვლის, რომ მხარდაჭერა ეფექტურია. გამოკითხულთა ნახევარზე მეტს (53 პროცენტი) შეუძლია, ასევე განსაზღვროს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მინიმუმ ერთი კონკრეტული პროგრამა.
სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვას რესპუბლიკასა და უკრაინაში ჩატარებული კვლევის შედეგად, გამოკითხვებმა შეაფასა ევროკავშირის ზოგადი აღქმა, ფასეულობები, რომელთანაც იგი ასოცირდება, ურთიერთობები ევროკავშირსა და აღმოსავლეთის პარტნიორ ქვეყნებს შორის და ინფორმირება ევროკავშირის ფინანსური დახმარებისა და მისი ეფექტურობის შესახებ.
კვლევისთვის საველე სამუშაოები ჩატარდა 2020 წლის თებერვლიდან მარტის ჩათვლით („კოვიდ-19“-ის კრიზისამდე) და დაეფუძნა პირისპირ ინტერვიუებს თითოეულ ქვეყანაში 1 000 ადამიანის წარმომადგენლობითი ნიმუშის საფუძველზე.