ევროკავშირის ომბუდსმენი ევროკავშირის ეთიკის სისტემის გადახედვის ინიციატივით გამოვიდა
ევროკავშირის ომბუდსმენი ევროკავშირის ეთიკის სისტემის გადახედვის ინიციატივით გამოვიდა

ევროკავშირის ომბუდსმენი ევროკავშირის ეთიკის სისტემის გადახედვის ინიციატივით გამოვიდა.

„პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში ემილი ო’რეილიმ განაცხადა, რომ ევროკავშირმა წლების განმავლობაში ვერ შეძლო ეთიკის ქმედითი სისტემის შემოღება, რამაც ხელი შეუწყო კორუფციულ სკანდალებს.

ევროკავშირის ომბუდსმენმა ასევე გააკრიტიკა ევროკავშირის ინსტიტუტები, რომლებიც, მისი თქმით, არ უწევენ სათანადო წინააღმდეგობას „გავლენებით მოვაჭრეებისგან“ მომავალ საფრთხეებს.

„ევროკავშირი დიდი, გლობალური მოთამაშეა, ამიტომ ცხადია, რომ დიდი ტექნოლოგიური კომპანიები და ევროკავშირის არაწევრი ქვეყნები ცდილობენ მასზე ზეგავლენას“, – აცხადებს ევროკავშირის ომბუდსმენი.

მან ასევე გააკრიტიკა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ სამი წლის წინ წარმოდგენილი ინიციატივა, რომელიც, ეთიკის დაცვის მიზნით, ახალი უწყების შექმნას ითვალისწინებს. ო’რეილის თქმით, ეს უწყება არ იქნება ქმედითი, რადგანაც, პროექტის მიხედვით, მას არ აქვს საგამოძიებო ფუნქციები და სანქციების დაწესების შესაძლებლობა.

ომბუდსმენის განცხადებით, ევროპარლამენტში აგორებული კორუფციული სკანდალი გაურთულებს ევროკავშირს მუშაობას ისეთ ქვეყნებთან, როგორებიც არიან პოლონეთი და უნგრეთი, რომლებსაც ბრიუსელი მუდმივად სდებს ბრალს კანონის უზენაესობის პრინციპის შელახვაში.