ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, შსს-ს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებმა სწავლება გაიარეს
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა“ – ფარგლებში, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებისთვის სამართლებრივ საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა.
შსს-ს ცნობით, სწავლების მონაწილეებმა განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა: საგამოძიებო ორგანოების, გამომძიებლის, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ფუნქციები; სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება; პირველადი კომუნიკაცია სავარაუდო მსხვერპლთან ან დაზარალებულთან; ბრაზის მართვა და აზროვნების შეცდომები.
პროექტი – „ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა“ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის აქტიური ჩართულობით, 2018 წლიდან ხორციელდება და 2022 წელს დასრულდება. იგი მიზნად ისახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ხელშეწყობას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. პროექტის ძირითადი მიმართულებებია: საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავება, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საბჭოს გაძლიერება, სამინისტროს ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარება, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მეთოდების დანერგვა, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ორგანიზებული დანაშაულით გამოწვეულ საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შესაძლებლობების გაძლიერება და სხვა.