ევროკავშირის მისია მზადაა, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებას მხარი დაუჭიროს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მზად არის, მხარი დაუჭიროს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას, – ამის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრესსპიკერმა დეზ დოილიმ პირველ არხს განუცხადა.
„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში განაგრძობს დაკვირვებას, თუ როგორ ვითარდება მოვლენები მომხდარ ტრაგედიასთან დაკაშირებით.
ევროკავშირის მისია მზად არის, მხარი დაუჭიროს მომხდარ ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმისა და სხვა შესაბამისი ფორმატების ფარგლებში“, – განაცხადა დეზ დოილიმ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მათ მიერ ე.წ. „ცხელი ხაზის“ მექანიზმის ამოქმედების შედეგად, დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 22 თებერვალს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების პირველადი მიზეზი არის „გულის შეტევა (ე.წ. ინფარქტი)“. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნაზე, რომ მომხდარიყო ადგილზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლების შეშვება ცხედრის პირველადი შესწავლის მიზნით, დე ფაქტო ხელისუფლებამ უარი განაცხადა.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრინციპული მოთხოვნაა, რომ მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება და დაკავებულების ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის უმოკლეს ვადაში გათავისუფლება.
დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადება და სხვადასხვა ღია საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს არჩილ ტატუნაშვილი თანამშრომლობდა ქართულ სპეცსამსახურებთან და მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ოსი ერის ე.წ. გენოციდში არის გამოგონილი და ფაქტების დამახინჯების მიზანმიმართულ მცდელობას წარმოადგენს.
2018 წლის პირველ მარტს ჩანიშნულია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მორიგი შეხვედრა სოფ. ერგნეთში და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების მიერ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების, ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის უკანონო დაკავების საკითხი აუცილებლად დადგება დღის წესრიგში.
ჩვენი შეფასებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საჭიროა, საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მაქსიმალური მობილიზება, რათა მოხდეს ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზის სიღრმისეული და გამჭვირვალე გამოძიება.
ამ მიმართულებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს მის ხელთ არსებული ყველა სახის ინფორმაციის მყისიერ მიწოდებას, როგორც საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა უწყების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის“, – აცხადებენ სუს-ში.