ევროკავშირის მიერ თეირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების გამო ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში უნგრეთის ელჩი დაიბარეს
ევროკავშირის მიერ თეირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების გამო ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში უნგრეთის ელჩი დაიბარეს. უნგრეთი ამჟამად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა.
ირანული მედიის ცნობით, უნგრეთის ელჩს პროტესტი გამოუცხადეს ევროკავშირის გადაწყვეტილტების გამო. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ ქვეყნის წინააღმდეგ უკანონო და იძულებითი ზომების გამოყენება, როგორებიცაა სანქციები, მიუღებელია და შედეგს არ გამოიღებს.
ევროკავშირმა 14 ოქტომბერს ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება შეათანხმა. შეზღუდვები დაუწესდება შვიდ ფიზიკურ პირსა და შვიდ ორგანიზაციას, მათ შორის ავიაკომპანია Iran Air-ს, რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემასთან სავარაუდო კავშირის გამო.
ირანის წინააღმდეგ სანქციები ასევე დააწესა გაერთიანებულმა სამეფომ. კერძოდ, ლონდონმა შავ სიაში დამატებით ცხრა პირი შეიყვანა.
ირანი რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემას უარყოფს.
„ზოგიერთი ევროპული ქვეყანა და გაერთიანებული სამეფო მტკიცებულებების გარეშე აცხადებენ, რომ ირანი სამხედრო გზით ჩაერია კონფლიქტში, რაც სრული სიყალბეა“, – აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა პრესსპიკერმა და სანქციების დაწესება საერთაშორისო სამართლის დარღვევად შეაფასა.