ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში დღეიდან კონსულტაციები იწყება
ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მიცემულ 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში დღეიდან კონსულტაციები იწყება. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს.
შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს იმ მიმართულებას, რომელიც ეხება ქვეყანაში დეპოლარიზაციის აღმოფხვრას. დეპოლარიზაციის საკითხი არის სწორედ ერთ-ერთი პირველი ამ რეკომენდაციებიდან.
პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას დღეს აპირებს ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის იქნებიან „მოქალაქეები“, გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლები და „გირჩი“.
რაც შეეხება ოპოზიციის დანარჩენ წარმომადგენლებს, ისინი ამ დრომდე კონსულტაციებს მართავენ და დღის განმავლობაში აპირებენ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას. თუმცა, გუშინ მათ თქვეს, რომ ამ პროცესში „ქართულ ოცნებას“ უნდობლობას უცხადებენ, ვინაიდან, როგორც თავად ამბობენ, „ქართულ ოცნებას“ სხვადასხვა დროს რამდენიმე საკითხზე ჰქონდა კონსულტაციები, თუმცა „ოცნებამ“ გაცემული პირობები არ შეასრულა. შესაბამისად, როგორც ისინი ამბობენ, ამ ფარსში მონაწილეობა არ უნდათ.
კონსულტაციებს პარალელურად, დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც მსჯელობა იქნება იმ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, თუ როგორ ახორციელებს პარლამენტი კონტროლს.
კომიტეტის ხელმძღვანელობა აცხადებს, 21 სექტემბრამდე მოხდება კონკრეტული კანონპროექტების მომზადება საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებით, სწორედ აქედან გამომდინარე, მანამდე შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ კანონპროექტს მოამზადებს.