ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ პოლონეთის მთავრობის 2019 წლის სასამართლო რეფორმა ევროკავშირის კანონმდებლობას არღვევს
ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ პოლონეთის მთავრობის 2019 წლის სასამართლო რეფორმა ევროკავშირის კანონმდებლობას არღვევს

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ პოლონეთის მთავრობის 2019 წლის სასამართლო რეფორმა ევროკავშირის კანონმდებლობას არღვევს. ამასთან, სასამართლომ ძალაში დატოვა ევროკავშირის წევრი პოლონეთისთვის ევროკომისიის ჯარიმა.

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ მოსამართლეების ასოციაციებში, არაკომერციულ ფონდებში ან პოლიტიკურ პარტიებში წევრობის შესახებ დეკლარაციების გასაჯაროება არღვევს მათი პირადი ცხოვრების უფლებას და, შესაძლოა, მათზე გავლენის მოსახდენად იქნას გამოყენებული.

„პოლონეთის 2019 წლის დეკემბრის სასამართლო რეფორმა არღვევს ევროკავშირის კანონმდებლობას. კანონის უზენაესობის ღირებულება არის ევროკავშირის იდენტობის განუყოფელი ნაწილი“, – ნათქვამია სასამართლოს დადგენილებაში.

პოლონეთის იუსტიციის მინისტრმა ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებას „ფარსი“ უწოდა.

პოლონეთის სასამართლო რეფორმის გამო ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს ევროკომისიამ მიმართა. სარჩელს მხარი დაუჭირეს ბელგიამ, ფინეთმა, დანიამ, შვედეთმა და ნიდერლანდებმა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საბოლოოა, რაც ნიშნავს, რომ პოლონეთმა შესწორებები უნდა შეიტანოს სასამართლო რეფორმის იმ ნაწილში, რომელიც სასამართლომ ევროკავშირის კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ მიიჩნია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირის უმაღლესი მართლმსაჯულების სასამართლომ, შესაძლოა, ვარშავას დამატებითი ფინანსური ჯარიმები დააკისროს.

2021 წელს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ პოლონეთის ხელისუფლების მიერ მოსამართლეთა დისციპლინარული პალატის ჩამოყალიბება ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. მოგვიანებით სასამართლომ ვარშავას მილიონი ევროს ოდენობის ყოველდღიური ჯარიმა დაუწესა. გასული წლის აპრილში, პოლონეთის მიერ კანონში გარკვეული შესწორებების შეტანის შემდეგ ჯარიმის ოდენობა 500 ათას ევრომდე შემცირდა.