ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო ბრექსიტთან დაკავშირებით დადგენილებას 10 დეკემბერს გამოაქვეყნებს
ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო 10 დეკემბერს ბრექსიტთან დაკავშირებით დადგენილებას გამოაქვეყნებს.
დოკუმენტიდან გახდება ცნობილი, ექნება თუ არა უფლებამოსილება დიდ ბრიტანეთს სურვილის შემთხვევაში, ცალმხრივად უკან გაიწვიოს ლისაბონის შეთანხმების 50-ე მუხლი, რომელიც ქვეყანამ ევროკავშირის დასატოვებლად ოფიციალურად აამოქმედა.
აღსანიშნავია, რომ დადგენილება 11 დეკემბერს თემთა პალატაში დაგეგმილ კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე გახდება ცნობილი. ბრიტანელმა კანონმდებლებმა ბრიუსელთან მიღწეულ შეთანხმებას უნდა უყარონ კენჭი. პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის განცხადებით, თემთა პალატის წევრებს სამი არჩევანი აქვთ, მხარი დაუჭირონ მის შეთანხმებას, დატოვონ ევროკავშირი შეთანხმების გარეშე ან უკან გაიწვიონ გაერთიანებიდან გასვლის განაცხადი.