ევროკავშირის სასამართლომ უნგრეთი თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული წესების დარღვევაში დაადანაშაულა
ევროკავშირის სასამართლომ უნგრეთი თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული წესების დარღვევაში დაადანაშაულა

უნგრეთმა დაარღვია ევროკავშირის კანონმდებლობა მიგრანტებისა და ლტლოვილების დაცვის შესახებ, მათთვის თავშესაფრის მოთხოვნის უფლებაზე უარის თქმითა და სერბეთის საზღვარზე იძულებით დეპორტირებით, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს დადგენილებაში.

როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილება უნგრეთს ავალდებულებს, შეცვალოს საიმიგრაციო პოლიტიკა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას ჯარიმა დაეკისრება.

„სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრეთმა არ შეასრულა თავისი ვალდებულებები საერთაშორისო დაცვის მინიჭების პროცედურაზე წვდომის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

სასამართლომ არ გაითვალისწინა უნგრეთის ხელისუფლების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის წესების დარღვევა ნაკარნახევი იყო მიგრაციული კრიზისის დროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საჭიროებით.

მიგრაციული კრიზისის დროს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ქვეყნის სამხრეთ საზღვრის ჩაკეტვის განკარგულება გასცა, რითაც ასობით ათას მიგრანტს ტრანზიტული მარშრუტი დაუბლოკა. ამის შედეგად, იძულებით გადაადგილებული პირები ე.წ. მიგრაციულ სატრანზიტო ზონებში აღმოჩნდნენ ბლოკირებული.

უნგრეთის იუსტიციის მინისტრმა, იუდიტ ვარგამ განაცხადა, რომ უნგრეთი შეინარჩუნებს მკაცრ სასაზღვრო კონტროლს.

„ჩვენ გავაგრძელებთ უნგრეთისა და ევროპის საზღვრების დაცვას და გავაკეთებთ ყველაფერს, რათა თავიდან ავიცილოთ საერთაშორიო მიგრაციული დერეფნების ჩამოყალიბება. უნგრეთი იქნება მხოლოდ უნგრული, ვიდრე მისი საზღვრები ხელშეუხებელი რჩება. ამიტომ არა მხოლოდ ჩვენი ათასწლოვანი სახელმწიფოებრიობა, არამედ ჩვენი შვილების მომავალიც გვაიძულებს საზღვრების დაცვას“, – განაცხადა მინისტრმა.

დატოვე კომენტარი