ევროკავშირის ლიდერები ვლადიმერ პუტინთან ერთად სამიტის გამართვის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ
ევროკავშირის ლიდერები ვლადიმერ პუტინთან ერთად სამიტის გამართვის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურთა სამიტის პირველი დღის დისკუსიის ბოლოს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„ევროკავშირი ელოდება, რომ რუსეთის ლიდერები მოახდენენ უფრო კონსტრუქციული თანამშრომლობის დემონსტრირებას და შეწყვეტენ ქმედებებს ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების, ასევე მესამე ქვეყნების წინააღმდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მეთაური აცხადებს, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს ე.წ. მინსკის შეთანხმებები.
„ეს არის გადამწყვეტი ფაქტორი რუსეთთან ევროკავშირის მიდგომის ნებისმიერი არსებითი ცვლილებისთვის“, – ვკითხულობთ ევროკავშირის ლიდერების განცხადებაში.
ევროკავშირის სამიტის მონაწილეები მოუწოდებენ ევროკომისიას და ევროკავშირის უმაღლეს წამომადგენელს, წარმოადგინონ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი შემზღუდავი ზომების დაწესების წინადადება. მათ შორის ეკონომიკური სანქციები.
ამავე განცხადებაში ევროკავშირის საბჭო ხაზს უსვამს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებთან კავშირების გამყარებისა და ამ სახელმწიფოების მდგრადობის განმტკიცების აუცილებლობას. ამასთან, საბჭო აღიარებს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრების ევროპულ მისწრაფებას და ევროპულ არჩევანს.
„ევროკავშირი ხაზს უსვამს აღმოსავლეთ პარტნიორებთან პოლიტიკური, ეკონომიკური და ადამიანთა შორის კავშირების თუ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობას, რაც მათი მდგრადობის განმტკიცებას მოემსახურება. საბჭო იმეორებს 2017 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციას, რომელიც აღიარებს აღმოსავლეთ პარტნიორების ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს, როგორც ეს ასოცირების შეთანხმებებშია ნათქვამი, და ასევე მათი ამოქმედების კონტექსტში. საბჭო ასევე ხაზს უსვამს ცენტრალურ აზიასთან ურთიერთობებია გაღრმავებას“, – ვკითხულობთ ევროკავშირის განცხადებაში.
ამავე განცხადებაში ევროკავშირის საბჭო საუბრობს, რომ ღიაა რუსეთთან შერჩევითი თანამშრომლობისთვის იმ საკითხებზე, რომლებიც ევროკავშირის ინტერესს წარმოადგენს. ასეთ საკითხებად დასახელებულია კლიმატი, ჯანდაცვა, ასევე ირანის ბირთვული შეთანხმება, ლიბია და სირია.
„ევროკავშირი შეისწავლის რუსეთთან დიალოგის პირობებსა და ფორმატებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირის საბჭო ასევე გმობს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვას რუსეთში და ხაზს უსვამს სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერის გაფართოების აუცილებლობას.
ამასთან, ევროკავშირის ლიდერები კიდევ ერთხელ მოითხოვენ 2014 წელს უკრაინის საჰაერო სივრცეში ჩამოგდებული მალაიზიური ბოინგის საქმის გამოძიებას, სიმართლის დადგენასა და პასუხისმგებელი პირების დასჯას. ისინი მოუწოდებენ ყველა სახელმწიფოს, ითანამშრომლონ ამ საქმის გამოძიებაში.
შეგახსენებთ, გერმანია და საფრანგეთი გამოდიოდნენ ინიციატივით, რომ ევროკავშირის ლიდერებსა და რუსეთის პრეზიდენტის მონაწილეობით შეხვედრა გამართულიყო.