ბრიუსელში მიმდინარე სამიტის მონაწილეებმა მიგრაციული პოლიტიკის საკითხში პროგრესს ვერ მიაღწიეს.
„აღნიშნულ საკითხზე პოზიციები არ შეცვლილა“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.
მისი თქმით, ევროპელი პოლიტიკოსების წინაშე მკაფიო ამოცანა დგას, კერძოდ, 2018 წლის ივნისამდე ამ პრობლემის გადაწყვეტა. ანგელა მერკელი აცხადებს, რომ გერმანიისთვის მიუღებელია „სელექციური სოლიდარობა“ მიგრანტებთან დაკავშირებით.
„მჯერა, რომ გვჭირდება სოლიდარობა მიგრაციის გარე ფაქტორებთან გამკლავებაში, რაც მნიშვნელოვანია. თუმცა ასევე საჭიროა სოლიდარობა ევროკავშირის შიგნით. მჯერა, რომ ევროკავშირის წევრებს შორის ვერ იქნება სელექციური სოლიდარობა“, – განაცხადა მერკელმა.
ევროკავშირის წევრებს შორის უთანხმოებას მიგრანტების კვოტირების სისტემით გადანაწილების საკითხი იწვევს.
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა კვოტირების სისტემას არაეფექტიანი და უთანხმოების გამომწვევი უწოდა, რის გამოც ევროკომისიის მხრიდან კრიტიკა გამოიწვია.
„სავალდებულო კვოტების საკითხი ძალიან სადავო აღმოჩნდა. მნიშვნელობისა და შესაძლო შედეგებიდან გამომდინარე, ამ საკითხს არაპროპორციულად ცოტა ყურადღება დაეთმო. შედეგად, შეთავაზებული გადაწყვეტილება არაეფექტიანი აღმოჩნდა“, – ნათქვამია დონალდ ტუსკის განცხადებაში, რომლითაც მან ევროკავშირის ლიდერებს სამიტამდე მიმართა.
როგორც დონალდ ტუსკმა სამიტზე განაცხადა, ევროკავშირში მიგრანტების საკითხზე აზრთა სხვადასხვაობის გამო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის განხეთქილება მოხდა.
მიგრაციისა საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრი ავრამოპულოსმა დონალდ ტუსკის პოზიციას მიუღებელი და ანტიევროპული უწოდა.
2015 წელს ევროკავშირმა წევრ სახელმწიფოებში კვოტირების სისტემით 160 ათასი ლტოლვილის გადანაწილების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული ზომებით ბრიუსელი უნდა დახმარებოდა საბერძნეთსა და იტალიას, რომლებიც ხმელთაშუა ზღვით ჩასული მიგრანტების ნაკადს ვერ უმკლავდებიან. თუმცა პოლონეთი, ჩეხეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი კვოტირების სისტემას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და მიგრანტების მიღებაზე უარს აცხადებენ. ამის გამო, გასულ კვირას ევროკომისიამ უნგრეთის, ჩეხეთისა და პოლონეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
როგორც Financial Times-ი წერს, ევროკავშირის სამიტის ფარგლებში ვიშეგრადის ქვეყნები (ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი) შეთანხმდნენ, რომ 35 მილიონი ევრო გამოყონ იტალიის ხელმძღვანელობით მოქმედი პროგრამის დასაფინანსებლად, რომელიც მიმართულია ლიბიის სასაზღვრო სამსახურის მხარდაჭერასა და გაძლიერებისკენ, რათა არალეგალმა მიგრანტებმა ლიბიიდან ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპაში ჩასვლა ვეღარ შეძლონ. ვიშეგრადის ქვეყნების ამ გეგმას ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ სამარცხვინო უწოდა.
იტალია და გერმანია იმ ქვეყნების რიცხვში შედიან, რომლების მიგრანტების კვოტირების სისტემით სავალდებულო გადანაწილებას ემხრობიან. ამჟამად ევროკავშირში დუბლინის სისტემა მოქმედებს, რომლის თანახმადაც ლტოლვილისთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხი უნდა განიხილოს იმ ევროპულმა ქვეყანამ, რომელშიც ის პირველად ჩავიდა. ასეთმა სისტემამ კი იტალიასა და საბერძნეთზე დატვირთვა გაზარდა, რადგან ხმელთაშუა ზღვის გავლით არალეგალი მიგრანტები სწორედ ამ ქვეყნებში ჩადიან.