ევროკავშირის ლიდერები ევროსამიტზე იკრიბებიან
ევროკავშირის ლიდერები ევროსამიტზე იკრიბებიან

ევროკავშირის ლიდერები 2017 წლის ბოლო ევროსამიტზე დღეს  ბრიუსელში იკრიბებიან.

აქცენტი ევროსამიტზე და არა – ევროპული საბჭოს სამიტზე სპეციალურად გაკეთდა.

შეხვედრა 28-1 ფორმატით შედგება და ევროგაერთიანების 27 წევრი ქვეყნის მთავრობის მეთაური და პრეზიდენტი დაესწრება.

როგორც ბრიუსელიდან „პირველი არხის“ კორესპონდენტი იუწყება, ევროკავშირში განმარტეს, რომ სამიტის დიდი ნაწილი ევროზონის საკითხებს დაეთმობა.

განსახილველ საკითხთა შორისაა ნატო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირის ახალი თავდაცვის სტრატეგია, ეკონომიკურ- მონეტარული სისტემა, მიგრაცია და ორგანიზაციის სოციალური პოლიტიკა. ევროპულ საბჭოში განაცხადეს, რომ საუბარი შეეხება რუსეთსა და უკრაინასაც.

ლიდერებმა დახურულ სხდომაზე გერმანიის კანცლერისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ანგარიში უნდა მოუსმინონ. ანგელა მერკელი და ემანუელ მაკრონი კოლეგებს მინსკის შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ინფორმაციას გააცნობენ.

წინასწარი ინფორმაციით, ლიდერები ავტომატურად გაახანგრძლივებენ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, ვინაიდან ამ საკითხზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში განსხვავებული მოსაზრებები არ არის. ორგანიზაციის პოზიცია უცვლელია. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალაში დარჩება მანამდე, ვიდრე რუსეთი არ შეასრულებს მინსკის შეთანხმებას.

ევროკავშირის ლიდერები ყველაზე დიდ დროს მიგრაციაზე მსჯელობას დაუთმობენ.

“ეს იქნება ფართო და გულახდილი საუბარი”,- განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

სამიტის დაწყებამდე , ევროკომისიის პრეზიდენტი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მიგრაციის საკითხზე “ვიშეგრადის ოთხეულის” ლიდერებთან გამართავენ შეხვედრას.

ორგანიზაციის წევრი ღიად აცხადებენ, რომ ჩეხეთს, პოლონეთს, უნგრეთსა და სლოვაკეთს ევროკავშირის სოლიდარობის პოლიტიკაზე განსხვავებული პოზიციები აქვთ, აზრთა სხვადასხვაობა პრობლემებს ქმნის და საკითხი გადაჭრას მოითხოვს.

ვიშეგრადის წევრები ევროკომისიის მიერ დაწესებულ კვოტებს ეწინააღმდეგებიან, უარს ამბობენ მიგრანტთა მიღებაზე და აცხადებენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანი არა მიგრანტთა მიღება, არამედ ევროკავშირის საზღვრების დაცვაა.

მიგრაციის კრიზისზე და ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე , განსხვავებული პოზიციები აქვთ არამარტო წევრ სახელმწიფოებს, არამედ ევროკომისიას და ევროპულ საბჭოსაც. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ამბობს, რომ მიგრაციის საკითხი ისე უნდა მოგვარდეს, რომ ორგანიზაციის მთავარ მიღწევას, თავისუფალ გადაადგილებას საფრთხე არ შეექმნას.

ევროკომისია მიგრანტთა კვოტირებას და მათ წევრ ქვეყნებში გადანაწილებას ემხრობა. გადანაწილებასთან ერთად, ფონდის შექმნას, რომელმაც ფინანსური დახმარება უნდა გაუწიოს მიგრანტთა მიმღებ ქვეყნებს. მიგრაციის პრობლემა ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება, რომელიც უკვე წლებია, რაც ორგანიზაციამ ვერ გადაჭრა.

მიგრაციამ უკვე იმოქმედა ევროკავშირში თავისუფლად გადაადგილებაზე. ევროგაერთიანების ქვეყნებში უსაფრთხოების მიზნით, საზღვრებზე კონტროლი აღდგენილი. შენგენის საზღვრებზე კონტროლის დაწესების მიზეზი უკანონო მიგრაციის შეჩერება იყო.

ევროკავშირიდან ყველაზე თავშესაფრის ყველაზე მეტი მაძიებელი გერმანიამ მიიღო, ორგანიზაციის არაწევრი სახელმწიფოებიდან თურქეთმა. ლიდერები სამიტზე დოკუმენტის მიღებას არ გეგმავენ.