ევროკავშირის ლიდერები დღეს რუმინეთში შეიკრიბებიან. ქალაქ სიბიუში დაგეგმილ სამიტზე ევროპელი პოლიტიკოსები ევროპარლამენტის არჩევნებს და ევროკავშირის 2019-2024 წლის სტრატეგიულ დღის წესრიგს განიხილავენ.
ლიდერები ე.წ. სიბიუს დეკლარაციის მიღებას აპირებენ. როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, დოკუმენტი უნდა იყოს დაფუძნებული ერთობაზე.
„სიბიუს სამიტზე შემუშავებულ სტრატეგიულ გეგმას ევროპული საბჭო ივნისში დაამტკიცებს. დოკუმენტში გაწერილი იქნება მთავარი პრიორიტეტები, რომლითაც ევროკავშირი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში იხელმძღვანელებს“, – განაცხადა ტუსკმა.
სიბიუს სამიტამდე ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი ევროკავშირში თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერების ინიციატივით გამოვიდა.
„ჩვენი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული ეფექტური და ქმედითი ევროპული კავშირის მშენებლობისკენ“, – განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა.
გარდა ამისა, ევროკავშირის ლიდერები ირანის „ბირთვულის შეთანხმების“ საკითხზეც იმსჯელებენ.