ევროკავშირის ლიდერები ახალი ხელმძღვანელების კანდიდატურებზე ვერ შეთანხმდნენ
ევროკავშირის ლიდერებმა ვერ მიიღეს გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ ვინ უნდა გახდნენ ევროკომისიისა და ევროსაბჭოს შემდეგი პრეზიდენტები, ასევე, თუ ვინ დაიკავებს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობას.
ლიდერებმა ამ საკითხზე სასაუბროდ ბრიუსელში არაფორმალური შეხვედრა გამართეს, თუმცა შეხვედრის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ მათ კონსენსუსისთვის ჯერ არ მიუღწევიათ.
„ეს შეხვედრა იყო კარგი შესაძლებლობა აზრთა მიმოცვლის, არჩევნების შედეგების გათვალისწინებისა და ევროსაბჭოს ოფიციალური შეხვედრისთვის მომზადებისთვის, რომელიც მომავალ კვირას აქ, ბრიუსელში გაიმართება. ვფიქრობ, მოლაპარაკებები სწორი მიმართულებით მიდის, მაგრამ დღეს, ამ ეტაპისთვის შეთანხმებისთვის არ მიგვიღწევია. დღევანდელი შეხვედრა სასარგებლო ნაბიჯი იყო შემდეგი ევროპული საბჭოსთვის მოსამზადებლად, მაგრამ გადაწყვეტილება მიიღება მომავალ ოფიციალურ ევროპულ საბჭოზე, რომელიც მომდევნო კვირას გაიმართება“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
მოსალოდნელია, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი თანამდებობაზე მეორე ვადით დარჩება, რადგან „ევროპის სახალხო პარტიამ“ ევროკავშირის საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მიიღო. ევროსაბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანტონიუ კოშტა განიხილება, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლად კი – ესტონეთის პრემიერი კაია კალასი.