ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ ევროკავშირს შეუძლია, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავალი უკრაინის დასახმარებლად კონკრეტული გეგმის მიხედვით გამოიყენოს
ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ ევროკავშირს შეუძლია, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავალი უკრაინის დასახმარებლად კონკრეტული გეგმის მიხედვით გამოიყენოს

ევროკავშირს შეუძლია, გამოიყენოს გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავალი უკრაინის დასახმარებლად. ამის შესახებ ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების სამიტის პირველი დღის დასრულების შემდეგ განაცხადეს.

ლიდერების განცხადებით, აქტივების გამოყენება რამდენიმე თვის განმავლობაში კონკრეტული გეგმის მიხედვით მოხდება, რომელიც უკრაინისთვის იარაღის შეძენას მოიცავს.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, ვიმოქმედოთ ძალიან სწრაფად, რათა ამ თანხის ნაწილი გამოვყოთ უკრაინის მხარდასაჭერად, მათ შორის, სამხედრო აღჭურვილობისთვის. ეს აჩვენებს, რომ მაგიდის გარშემო მყოფ 27 ლიდერს ვითარების სერიოზულობა ესმის. ეს გვიჩვენებს, რომ ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, უკრაინას მეტი მხარდაჭერა გავუწიოთ“, – აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, აღნიშნული წინადადების სწრაფად დამტკიცების შემთხვევაში, რუსული ფინანსური აქტივებისგან მიღებული პირველი მილიარდის გაცემა პირველ ივლისს იქნება შესაძლებელი.

„მე ლიდერებს ვუთხარი, თუ სწრაფად მოვამზადებთ წინადადებას, პირველი მილიარდი უკვე პირველ ივლისს შეგვეძლება, გავანაწილოთ. ასე რომ, ეს ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენს ხელშია. თუ სწრაფად ვიმოქმედებთ, ზაფხულში კონკრეტული ქმედებები იქნება“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.