ევროკავშირის ლიდერები 23 აპრილს კორონავირუსთან დაკავშირებით ეკონომიკურ ზომებს განიხილავენ
ევროკავშირის ლიდერები 23 აპრილს დაგეგმილ ვიდეოკონფერენციაზე კორონავირუსთან დაკავშირებით ეკონომიკურ ზომებს განიხილავენ. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებაშია ნათქვამი.
ვიდეოკონფერენცია შარლ მიშელმა მას შემდეგ დანიშნა, რომ ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები წევრი ქვეყნების დასახმარებლად 500 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების გამოყოფაზე შეთანხმდნენ.
„დადგა დრო, საფუძველი ჩავუყაროთ მყარ ეკონომიკურ აღორძინებას. ამ გეგმამ უნდა აღადგინოს ჩვენი ეკონომიკები, ამავე დროს, ხელი შეუწყოს ევროკავშირში ეკონომიკურ კონვერგაციას. ევროკავშირის ბიუჯეტმა მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ფინანსთა მინისტრების შეთანხმებას მნიშვნელოვანი გარღვევა უწოდა.
შარლ მიშელის თქმით, ის მუშაობს ევროკომისიასთან ერთად სამოქმედო გეგმაზე ყველა ევროპელის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად და ევროკავშირის ძლიერი მდგრადი და ყოვლისმომცველი ზრდის დასაბრუნებლად მწვანე და ციფრული სტრატეგიის საფუძველზე.