ევროკავშირის ხელმძღვანელობით ჩატარებულ კონფერენციაზე საერთაშორისო დონორები თურქეთს მიწისძვრის შემდგომ აღდგენაში დასახმარებლად შვიდი მილიარდი ევროს გამოყოფას დაჰპირდნენ
ევროკავშირის ხელმძღვანელობით ჩატარებულ კონფერენციაზე საერთაშორისო დონორები თურქეთს მიწისძვრის შემდგომ აღდგენაში დასახმარებლად შვიდი მილიარდი ევროს გამოყოფას დაჰპირდნენ. აღნიშნული თანხიდან ერთი მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს ევროკომისია. ამასთან, ევროკომისია 108 მილიონ ევროს დახარჯავს სირიაში მოსახლეობის ჰუმანიტარულ დახმარებაზე.
როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, გერმანია გააორმაგებს თურქეთსა და სირიაში დაზარალებულთა დახმარებას და მას 240 მილიონ ევრომდე გაზრდის.
დონორთა კონფერენციას ბრიუსელში შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ხელმძღვანელობდნენ.
„ამაყი ვარ, გამოვაცხადო, რომ ჩვენ ვხედავთ ახალ არსებით მხარდაჭერას თურქეთისა და სირიის მიმართ. დღეს შეგროვებული საერთო თანხა შვიდი მილიარდ ევროს შეადგენს. ეს კონფერენცია დაჰპირდა მხარდაჭერას ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებს, რომელთა მიზანია იმ ადამიანების დახმარება, რომელთა ცხოვრება წამებსა და წუთებში განადგურდა. თუმცა, რაც უფრო მნიშვნელოვანია, თქვენმა მხარდაჭერამ დღეს უზრუნველყო აუცილებელი საწვავი, რომელიც რთულ სიტუაციაში მყოფ ადამიანებს ყველა ქვეყანაში სჭირდებათ – ეს არის იმედი. იმედი, რომ ღირსების აღდგენა და ყოველდღიური ცხოვრების გაგრძელება შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა შვედეთის პრემიერმა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, „როდესაც ტრაგედია ხდება, პასუხი მხოლოდ ერთია და ეს არის სოლიდარობა“.
„მე ვარ მოხარული, რომ დღეს ვხედავ საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერას თურქეთსა და სირიაში აღდგენის ძალისხმევის მიმართ. ერთად მოლოდინს გადავაჭარბეთ. ეს შესანიშნავია. უამრავი მადლობა ჩემი მხრიდან“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად თურქეთსა და სირიაში 56 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. კონფერენციის მონაწილეებს ონლაინ რეჟიმში მიმართა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. მისი თქმით, მიწისძვრის შედეგად თურქეთისთვის მიყენებული ზარალი 104 მილიარდ დოლარს შეადგენს. როგორც ერდოღანმა განაცხადა, ხელისუფლება ერთი წლის განმავლობაში 319 ათასი საცხოვრებელი სახლის აშენებას გეგმავს.