საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის საკითხზე შეხვედრა გაიმართა
საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებაზე განიხილეს არაპირდაპირი დაბეგვრის, აუდიტისა და აღრიცხვის სფეროში საპარლამენტო კონტროლისა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების მდგომარეობა და მისი იმპლემენტაციის გზები.
ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული არაპირდაპირი დაბეგვრისა და აუდიტისა და აღრიცხვის ვალდებულებებით განსაზღვრული აქტივობების შესრულების პროცესი ითვალისწინებს საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესებასა და კანონშემოქმედებით საქმიანობას.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მომავალში უნდა შეიქმნას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რათა უფრო ეფექტურად მოხდეს არაპირდაპირი დაბეგვრის, აუდიტისა და აღრიცხვის სფეროში ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი რეგულაციებისა და რეკომენდაციების ჰარმონიზება.