ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა თავშესაფრის მაძიებელთა მიღების რეფორმა შეათანხმეს
ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა თავშესაფრის მაძიებელთა მიღების რეფორმა შეათანხმეს. შეთანხმებას წინ უძღოდა ლუქსემბურგში 12-საათიანი მოლაპარაკებები.
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე შვედეთის განცხადებით, შეთანხმება წარმოადგენს კარგ ბალანსს პასუხისმგებლობასა და სოლიდარობას შორის. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა შეთანხმებას „ისტორიული“ უწოდა, ხოლო შინაგან საქმეთა საკითხებში ევროკომისარმა, ილვა იოჰანსობმა განაცხადა, რომ რეფორმა ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნისთვის თანაბრად მომგებიან ვითარებას შექმნის.
„ეს არის დიდი მიღწევა, რომელიც აჩვენებს, რომ მიგრაციის საკითხზე ერთად მუშაობა შესაძლებელია. ჩვენ ბევრად ძლიერები ვართ, როცა ერთად ვმუშაობთ“, – განაცხადა იოჰანსონმა.
მინისტრების მიერ შეთანხმებული გეგმა ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა პასუხისმგებელი იქნება თავშესაფრის მაძიებელთა გარკვეული რაოდენობის მიღებაზე, ხოლო ის ქვეყნები, რომლებსაც არ სურთ არალეგალური გზით ჩასული მიგრანტების მიღება, მათ მიმღებ ქვეყნებს ფინანსურად დაეხმარებიან – თითოეული ადამიანის სანაცვლოდ 20 ათასი ევროთი, ასევე აღჭურვილობით ან პერსონალით. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ახალ დაჩქარებულ სასაზღვრო პროცედურას მათთვის, ვისაც თავშესაფრის მიღების შანსი მცირე აქვს, რათა ასეთი მიგრანტები ევროკავშირის ტერიტორიაზე მრავალი წლის განმავლობაში არ დარჩნენ.
შეთანხმებამდე ცოტა ხნით ადრე იტალიამ და საბერძნეთმა მოითხოვეს გეგმაში ცვლილებების შეტანა. კერძოდ, მათ თითოეული სახელმწიფოს მიერ მისაღები მიგრანტების რაოდენობის შეტანა მოითხოვეს, ასევე მიგრანტების დეპორტაციის უფრო შემსუბუქებული პირობები. მიგრანტების მიღების აქტიური მოწინააღმდეგეები – პოლონეთი და უნგრეთი შეთანხმების წინააღმდეგ გამოდიოდნენ და განაცხადეს, რომ ევროკავშირის ლიდერები ამ საკითხის განხილვას ივნისში დაგეგმილ სამიტზე უნდა მიუბრუნდნენ.