ევროკავშირის განკარგულებით, ინტერნეტპლატფორმებს ტერორისტული მასალის წაშლა გაფრთხილების მიღებიდან ერთ საათში მოუწევთ
ევროკავშირის განკარგულებით, ინტერნეტპლატფორმებს ტერორისტული მასალის წაშლა გაფრთხილების მიღებიდან ერთ საათში მოუწევთ

ევროკავშირის განკარგულებით, ინტერნეტპლატფორმებს ტერორისტული მასალის წაშლა შესაბამისი გაფრთხილების მიღებიდან ერთ საათში მოუწევთ. ახალი წესები 2022 წლიდან ამოქმედდება.

ევროკავშირის საბჭომ ახალი რეგულაციების დანერგვის შესახებ გადაწყვეტილება 16 მარტს მიიღო.

„ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა ახალი წესები, რათა ტერორისტებმა შეწყვიტონ ინტერნეტით სარგებლობა მოქალაქეების რადიკალიზაციის, გადაბირებისა და ძალადობის წახალისების მიზნით“, –  ნათქვამია ოფიციალურ პრესრელიზში.

ახალი წესებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შესაბამისი კომპეტენციის ორგანოებს უფლება ექნებათ, დაავალდებულონ კომპანიები, რომ მათ ტერორისტულ მასალაზე წვდომა შეზღუდონ. აღნიშნული რეგულაციები გავრცელდება ყველა პროვაიდერზე, რომელიც ევროკავშირის ტერიტორიაზე მოქმედებს.

ამასთან, ბრიუსელმა წარმოადგინა მკაფიო განმარტება, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს „ტერორისტულ მასალად“ და ასევე გადაწყვეტილების გასაჩივრების ქმედითი მექანიზმი. პრესრელიზში ჩამოთვლილია ქმედებები, რომლებიც ევროკავშირის კანონმდებლობით ტერორიზმად მიიჩნევა.

„ტერორიზმად მიიჩნევა: მოსახლეობის სერიოზული დაშინება, მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების უკანონო იძულება, ჩაიდინონ რაიმე ქმედება ან თავი შეიკავონ რაიმე ნაბიჯის გადადგმისკენ. ასევე, ქვეყნის ან საერთაშორისო ორგანიზაციის სერიოზული დესტაბილიზაცია ან ფუნდამენტური პოლიტიკური, კონსტიტუციური, ეკონომიკური ან სოციალური სტრუქტურის განადგურება“, – აღნიშნულია ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე.