ევროკავშირის ელჩმა დაადასტურა, რომ უკრაინაში ევროინტეგრაციის რეფორმების წინასწარი შეფასება ივნისამდე გადაიდო
უკრაინაში ევროინტეგრაციის რეფორმების წინასწარი შეფასება ივნისამდე გადაიდო, – ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინაში ევროკავშირის ელჩმა, მატი მაასიკასმა დაადასტურა.
ელჩის თქმით, წელს ორ მოხსენებას განიხილავენ. პირველი მოხსენება უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ გადაცემული შვიდი რეკომენდაციის „ზეპირი შეფასება“ იქნება, ხოლო შემოდგომაზე განსახილველი მოხსენება ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ წელს პირველად შეეხება უკრაინასაც.
„მაგრამ პირველი და უფრო მნიშვნელოვანი ახლა ივნისის ზეპირი შეფასებაა და აქ დასაკარგი დრო არ არის“, – განაცხადა უკრაინაში ევროკავშირის ელჩმა. მაასიკასმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინამ იცის ევროკავშირის მოლოდინები და აუცილებელია ჩამოთვლილი რეკომენდაციების შესრულება.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკომისიის ე.წ. ზეპირი შეფასება იმის შესახებ, თუ როგორ მიაღწია პროგრესს უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ რეკომენდაციების განხორციელებაში, სავარაუდოდ, ივნისში იქნებოდა წარდგენილი, მაგრამ არსებობდა მოლოდინი, რომ ეს გაზაფხულის ბოლოს მოხდებოდა.