ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში „ლელოს“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში „ლელოს“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში „ლელოს“ წარმომადგენლების დღევანდელი შეხვედრა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ეხებოდა.

ხაზარაძის თქმით, შეხვედრაზე პარტიის გეგმებზე ისაუბრეს და დააფიქსირეს, რომ „ლელოს“ პოზიცია არ შეიცვლება, თუ არ მოხდება შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

„ბუნებრივია, შეხვედრა ეხებოდა იმ შექმნილ სიტუაციას, რა მდგომარეობაშიც დღეს იმყოფება ჩვენი ქვეყანა, კონკრეტულად ორი მხარე. ჩვენ ვისაუბრეთ „ლელოს“ გეგმებზე, ძალიან მკაფიოდ ვუთხარით, რომ „ლელოს“ პოზიცია არის მყარი, „ლელოს“ პოზიცია არ შეიცვლება, თუ რადიკალურად ახალი ხელშეკრულება და შეთანხმება არ მოხდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

ასევე, დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ არანაირად არ ვეთანხმებით იმ კამპანიას, ასე ვთქვათ, იმ მიმართვებს, რომლებიც ელჩების წინააღმდეგ არის დაწყებული სხვადასხვა მედიასივრცეში და ინტერნეტში. ეს აზიანებს არა მარტო პროცესს, რომელიც ძალიან მსხვრევადია ჯერ, ასევე აზიანებს ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ეს პოზიცია ძალიან მყარად დავაფიქსირეთ.

მინდა, გითხრათ, რომ ელჩები არიან მყისიერად ინფორმირებული, ისევე როგორც თითოეული ჩვენგანი, თუ რა ხდება არა მარტო მედიასივრცეში, არამედ ისინი ჩართული არიან ამ პროცესში და, ბუნებრივია, არიან ინფორმირებული. ჩვენი პოზიცია შემდეგია: ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ შესაძლებლობების ფანჯარა, სიების ჩახსნიდან და სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმამდე არის ძალიან მოკლე და ძალიან ვიწრო, არის ბოლო შანსი მოლაპარაკების. აქვე, ვუთხარით, რომ თუ რადიკალურად შეთანხმება არ მოხდა მხარეებს შორის, „ლელო“ გააგრძელებს ბოიკოტის რეჟიმს, რომელიც დაწყებული გვაქვს და არანაირი კომპრომისი მად არ იქნება.

კიდევ ერთხელ ვუთხარით, რომ არჩევნები გაყალბდა, დღეს ყველა მცდელობა, რომ შემოგვასაღონ, თურმე ყველაფერი კანონიერი იყო, რაც უნდა ბრიფინგები მოეწყოს, ეს ჩვენზე ნაკლებად მოქმედებს, რადგან ჩვენ გვიჭირავს საკმაოდ სერიოზული არგუმენტები არჩევნების გაყალბებასთან და ხმების მოტაცებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

ამასთან, მამუკა ხაზარაძის განმარტებით, „ლელო“ რევოლუციურ მოწოდებებს ემიჯნება.

„აქვე, თქვენ წაიკითხეთ, სააკაშვილის პასუხი. მინდა, მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი და თანაგუნდელების პოზიცია – ის, რომ ჩვენ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს და მის ერთმმართველობას ვებრძვით და გვინდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები გამოვტაცოთ მის ერთპიროვნულ მმართველობას, არ ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის რევოლუციურ მოწოდებებს, ასე ვთქვათ, წინ არ აღვუდგებით. მინდა, ეს ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირო. ეს არის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი, ყოველგვარ რევოლუციურ და მსგავს მოწოდებებს ვემიჯნებით ახლავე. ამიტომ „ლელო“ არის ძალიან მყარად იმ ადგილზე, რა ადგილზეც, რა პოზიციაზე იდგა, რომ ჩვენ უნდა მოვახერხოთ, ვნახოთ შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რომელიც პირველ რიგში იქნება ჩვენი სახელმწიფოსთვის გადაწყვეტილება სტაბილურობის, არ იქნება იმის აღიარება, რომ ოღონდ ახლა შემოდით პარლამენტში და შემდეგ ვილაპარაკოთ. არა, ეს უნდა იყოს სამართლიანი შეთანხმება და კომპრომისი, რომ ქვეყანა გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან.

რევოლუცია საერთოდ ამოვიღოთ სალაპარაკო ლექსიკონიდან, ყველამ, რადგან ამ ქვეყანას რევოლუცია დაღუპავს საბოლოოდ. რევანშისტული, რევოლუციური და რაღაცა სცენარები უნდა ამოვიღოთ. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ამ დარჩენილ დროში მოვახერხოთ შეთანხმება. თუ შეთანხმება არ მოხდა, ეს არ ნიშნავს, რომ მიდიხარ და რევოლუციას აწყობ. ჩვენ ამას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით, ისევე როგორც ვეწინააღმდეგებით დღეს, ამ ძალიან მძიმე მოლაპარაკებების ფონზე ელჩებზე თავდასხმას. ამას ვაცხადებთ ძალიან ხმამაღლა.

რაც შეეხება სად ვიქნებით ჩვენ, ჩვენ და სხვა ოპოზიციური პარტიებიც იქნებიან პარლამენტის გარეთ და მთელი სიმძიმე და პასუხისმგებლობა დაეკისრება ერთპარტიულ პარლამენტს, რომელიც იქნება სირცხვილი ამ 30-წლიანი დამოუკიდებლობის და პარლამენტარიზმის ისტორიაში, იქნება სირცხვილი საერთაშორისო თანამეგრობობის თვალში, იქნება ქმედითუუნარო და არალეგიტიმური. ამას მივიღებთ ჩვენ, ამიტომ მაინც მოუწევს „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას, რომ მიიღოს გადაწყვეტილება, ოღონდ უკვე გაცილებით ცუდ მდგომარეობაში, ეს მათთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ალბათ გაცილებით ცუდი იქნება“, – განაცხადა ხაზარაძემ.