ევროკავშირის ელჩის მოადგილე - ხაშურის შემოვლითი გზის დასრულება საეტაპო მომენტია საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული გზის მშენებლობის ფარგლებში
ხაშურის შემოვლითი გზის დასრულება საეტაპო მომენტია საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული გზის მშენებლობის ფარგლებში, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩის მოადგილემ, ასუნსიონ სანჩეს რუისმა ხაშურის შემოვლითი გზის გახსნის ღონისძიებაზე მედიასთან განაცხადა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი დიდი სიხარულით მონაწილეობდა ამ პროექტში.
„ჩვენ მხარს ვუჭერდით ამ გზის მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკთან ერთად და ახლო მომავალში, ამ მონაკვეთის საბოლოოდ დასრულებას ველით. ასევე, მოგეხსენებათ, რომ სატრანსპორტო კვანძები ევროკავშირის დღის წესრიგში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ეს საკითხი მნიშვნელოვანია ასოცირების შეთანხმების ფარგლებშიც. ამ დარგის განვითარებას ჩვენი დახმარებით ვუწყობთ ხელს. იმედი გვაქვს, რომ ხაშურის შემოვლითი გზა და ჩქაროსნული გზატკეცილის ამ მონაკვეთის მშენებლობის დასრულება თავის წვლილს შეიტანს რეგიონში ბიზნესის წარმოების განვითარებაში და საქართველოს მოქალაქეებს მგზავრობის დროსაც შეუმცირებს“, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩის მოადგილემ.