ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი შეათანხმეს, რომელიც რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვარის დაწესებასაც ითვალისწინებს
ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი შეათანხმეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, სანქციების მერვე პაკეტის ფარგლებში ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვარი დააწესონ.
როგორც „ფაინენშელ თაიმსს“ ინფორმირებულმა წყაროებმა განუცხადეს, ფასის ზედა ზღვართან დაკავშირებით ზუსტი დეტალები მერვე პაკეტში ჯერ გათვალისწინებული არ არის და ამ საკითხზე გადაწყვეტილება „დიდი შვიდეულის“ ფარგლებში იქნება მიღებული.
ევროკავშირის ზომები ასევე მოიცავს ექსპორტსა და იმპორტზე დამატებით შეზღუდვებს, აგრეთვე ინდივიდუალურ სანქციებს რუსეთის მთავრობის წარმომადგენლების წინააღმდეგ.
სანქციები ამოქმედდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებისთანავე, რაც მიმდინარე კვირაშია მოსალოდნელი.