ევროკავშირის დახმარების ინსტრუმენტის წარმომადგენლები უვიზო მიმოსვლის საკითხზე საქართველოს პარლამენტში შეხვედრას გამართავენ
თბილისს ევროკავშირის დახმარების ინსტრუმენტის „ტაექსის“ წარმომადგენლები სტუმრობენ. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროპელ ექსპერტებს დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები შეხვდებიან.
აუდიენციის მთავარი განსახილველი თემა უვიზო მიმოსვლის საკითხი იქნება. ევროკავშირის წარმომადგენლები საქართველოს კანონმდებლობის იმპლემენტაციას გაეცნობიან.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას თქმით, შეხვედრაზე ასევე საუბარი იქნება დამატებითი საკანონმდებლო ზომების შესაძლო შემოღებაზე.
„გარკვეული დამატებითი საკანონმდებლო ზომები შესაძლოა, გახდეს მისაღები, რომ შევძლოთ მომავალში დაუბრკოლებლად ვისარგებლოთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმით ევროკავშირთან. არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროკავშირის ინტერესიც არის, რომ ამ რეჟიმს საფრთხე არ შეექმნას“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
თავის მხრივ, როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განმარტა, დაგეგმილ შეხვედრაზე არ იქნება საუბარი უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამოყენებაზე.
„რა თქმა უნდა, ეს შეხვედრა არ ნიშნავს და არც ერთ შემთხვევაში, რომ არის საუბარი შეჩერების მექანიზმის გამოყენებაზე. ეს არის სამუშაო შეხვედრა, სადაც განვიხილავთ ჩვენი კანონმდებლობის რეგულირების სფეროებს, რა მიმართულებით მოვახდინეთ გამკაცრება და როგორ ხდება მისი იმპლემენტაცია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ქართველი უკანონო მიგრანტების გაზრდის ფონზე საქართველოს ხელისუფლებამ გაამკაცრა კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც, უკანონო მიგრაციის ორგანიზება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ისჯება.