ევროკავშირის დაფინანსებული ოთხი საგრანტო პროექტის შედეგების პრეზენტაცია დღეს გაიმართება
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დასაქმებისა და პროფესიული განათლების სფეროში განხორციელებული ოთხი საგრანტო პროექტის შედეგების პრეზენტაცია დღეს გაიმართება.
„შორეულ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისა და აგრო და მცირე ბიზნესის განვითარებისთვის პროექტების ფარგლებში, ინოვაციური მიდგომები დასაქმების სფეროში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის შეიქმნა.
პროექტების შედეგებიდან ნათელი ხდება, რომ ადამიანებს სამუშაო ადგილების ძიებისა და პოვნის პროცესს სწორედ ინდივიდუალური მიდგომების მეშვეობით ვუმარტივებთ.
ღონისძიებას საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე გახსნიან.
ოთხი საგრანტო პროექტი საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარების მცირედ ნაწილს წარმოადგენს. ევროკავშირის პროგრამა საქართველოს მთავრობის რეფორმას შრომის ბაზრის, პროფესიული განათლებისა და პროფესიული გადამზადების სექტორებში მხარს უჭერს.
პროფესიული განათლების რეფორმა საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთი უმთავრესი სფეროა, რომელიც სამუშაო ადგილზე სწავლების პრინციპებზე დაფუძნებულ საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის ახალი მოდელის გამოყენებას გულისხმობს.
ასევე შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა შეიქმნა, რომელიც მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორსა და რეგიონში მოთხოვნადი პროფესიების შესახებ მიიღონ და ამ სფეროებში პროფესიული მომზადების უზრუნველმყოფ დაწესებულებებთან პირდაპირი კავშირი დაამყარონ“, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.