ევროკავშირის დაფინანსებით მოქმედი პროექტის ფარგლებში, ოთხ პროფესიულ სასწავლებელთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ბათუმში ევროკავშირის მხარდაჭერილი „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში, ოთხ პროფესიულ სასწავლებელთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ღონისძიებას ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი დაესწრო.
მემორანდუმის მიზანია, მხარეებს შორის აქტიური თანამშრომლობით ხელი შეუწყოს ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობების გაზრდას აჭარის რეგიონში. აღნიშნული უნდა განხორციელდეს რეგიონში არსებული პროფესიული განათლებისა და სხვა საგანმანათლებლო სერვისების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და თანამედროვე ეკონომიკასთან შესაბამისობის გაუმჯობესებით.
„ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების“ (LINKS) პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით, „საქართველოს გაერო-ს ასოციაციისა“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ. იგი არის მასშტაბური პროგრამის ნაწილი, სახელწოდებით „განათლება დასაქმებისთვის“ (skill4jobs).
აღნიშნული პროგრამის ზოგადი ამოცანაა საქართველოში პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის განვითარების მხარდაჭერა.
ევროკავშირის „განათლება დასაქმებისთვის“ პროგრამის ფარგლებში, მხარდაჭერილი პროექტები მიზნად ისახავს, დაეხმაროს საქართველოს ათასობით მოქალაქეს სამუშაო ადგილების მოძიებაში, პროფესიული განათლების გაძლიერებით, უწყვეტი განათლების შესაძლებლობების გაუმჯობესებითა და მეწარმეობის ხელშეწყობით.
უშუალოდ „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების“ (LINKS) პროექტის მიზანია, ცოდნისა და უნარების განვითარებისა და დასაქმების ხელშემწყობი პლატფორმების, რესურსებისა და ღონისძიებების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის გაზრდა პროექტის ოთხ სამიზნე რეგიონში: აჭარა, გურია, შიდა ქართლი და ქვემო ქართლი.