ევროკავშირის ცხრა ქვეყნის ნაციონალისტური პარტიების დეპუტატებმა ევროპარლამენტში ახალი ფრაქცია შექმნეს
ევროკავშირის ცხრა ქვეყნის ნაციონალისტური პარტიების დეპუტატებმა ევროპარლამენტში ახალი ფრაქცია შექმნეს სახელწოდებით, „იდენტობა და დემოკრატია“ (ID). ამჟამად ფრაქცია 73 დეპუტატს აერთიანებს.
გაერთიანების თავმჯდომარე იტალიის მმართველ კოალიციაში შემავალი პარტია „ლიგის“ წარმომადგენელი, მარკო ცანი. მისი მოადგილეები არიან გერმანული პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ თანათავმჯდომარე იორგ მოიტენი და ფრანგული პარტიის „ეროვნული გაერთიანების“ გენერალური მდივანი ნიკოლა ბე.
ფრაქციაში შემავალ დეპუტატებს შორის ყველაზე მეტი პარტია „ლიგის“ იტალიელი დეპუტატები არიან. მათ ევროპარლამენტში 28 მანდატი მიიღეს. ფრანგმა მემარჯვენე-პოპულისტებმა 22 ადგილი მოიპოვეს, გერმანელებმა კი – 11. ამას გარდა, ევროპარლამენტში ახალ ფრაქციაში წარმოდგენილი არიან ავსტრიიდან „თავისუფლების პარტიის“ , ბელგიიდან „ფლამანდიის ინტერესის“, ფინეთიდან „ჭეშმარიტი ფინების“, „დანიის სახალხო პარტიის“, ჩეხეთიდან „თავისუფალი და პირდაპირი დემოკრატიის“ და ესტონეთიდან კონსერვატიული „სახალხო პარტიის“ დეპუტატები
როგორც ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ იორგ მოიტენმა განაცხადა, ახალ ფრაქციას ევროპარლამენტში კონსტრუქციული მუშაობა სურს. თუმცა მისი თქმით, ევროპარლამენტს უნდა შეეძლოს თქვას „არა“, რადგან ზოგიერთი გადაწყვეტილება, მისი აზრით, „ნონსენსია“.
ფრაქცია „იდენტობა და დემოკრატია“ ევროპარლამენტში სიდიდით მეხუთეა ევროპის სახალხო პარტიის, სოციალ-დემოკრატების, ლიბერალებისა და „მწვანეების“ შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ წინა მოწვევის ევროპარლამენტში, ნაციონალისტების ფრაქცია „ერებისა და თავისუფლებების ევროპა“ მხოლოდ 36 მანდატს ფლობდა.