ევროკავშირის აუდიტორების განცხადებით, ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიშები, რომლებიც წევრ ქვეყნებში კანონის უზენაესობის კუთხით მდგომარეობას მიმოიხილავს, არასაკმარისად გამჭვირვალეა
ევროკავშირის აუდიტორების თქმით, ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიშები, რომლებიც წევრ ქვეყნებში კანონის უზენაესობის კუთხით არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავს, არასაკმარისად გამჭვირვალეა. ამის შესახებ „ევროაქტივი“ ავრცელებს ინფორმაციას.
საუბარია ყოველწლიურ ანგარიშზე, რომელსაც ევროკომისია 2020 წლიდან აქვეყნებს. ამ ანგარიშის მიზანია, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დემოკრატიის სიჯანსაღის დონე დაადგინოს. თუმცა, როგორც აუდიტორების ევროპული სასამართლო აცხადებს, ანგარიშში მოცემული შეფასებები არასაკმარისად გამჭვირვალე და დოკუმენტურად დაუსაბუთებელია.
აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ კომისიის მიერ ანგარიშზე მუშაობისას გამოყენებული მეთოდოლოგია უკეთ უნდა იყოს განმარტებული, რათა „გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება“ გაიზარდოს.
როგორც მედია წერს, ევროკომისიის მიერ 2023 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით გარკვეული შეშფოთება ასევე გამოთქმულია ევროპარლამენტის მიერ 28 თებერვალს მიღებულ რეზოლუციაში, სადაც ნათქვამია, რომ ევროკომისია, შესაძლოა, ზედმეტად „დიპლომატიურად“ აფასებს სხვადასხვა საკითხს.
ამ რეზოლუციის ავტორმა, ნიდერლანდელმა დეპუტატმა, სოფია ინატველდმა კი ევროკომისია პოლიტიკურ მიკერძოებულობაში დაადანაშაულა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკომისია კვლავაც ითვალისწინებს პოლიტიკურ მოსაზრებებს“, – განაცხადა ევროდეპუტატმა.
სოფია ინტველდმა კონკრეტული ქვეყნებიც დაასახელა. მისი თქმით, ყველაზე დიდ შეშფოთებას იწვევს საბერძნეთში არსებული მდგომარეობა. საბერძნეთის საკითხზე ევროპარლამენტმა იანვარში მიიღო რეზოლუციაც, სადაც საუბარია საბერძნეთში მედიის დამოუკიდებლობის კუთხით არსებულ პრობლემებსა და რამდენიმე ხმაურიანი საქმის არასათანადო გამოძიებაზე.
„როგორც ჩანს, ევროკომისიას ამ საკითხების გადაჭრის დიდი სურვილი არ აქვს, რადგან ამ შემთხვევაში საბერძნეთის მთავრობა ევროპული საბჭოს ფუნქციონირებას ხელს არ უშლის“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.