ევროკავშირის ასოცირების საბჭო საქართველო-ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობებს შეაფასებს
ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს დღის წესრიგი გამოქვეყნდა.
ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ასოცირების საბჭოს რიგით მეოთხე შეხვედრა 5 თებერვალს გაიმართება.
საბჭოს თავმჯდომარე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი იქნება.
საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უხელმძღვანელებს.
„აღმოსავლეთ პარტნიორობისა“ და „ევროპის სამეზობლო პოლიტიკის“ ჩარჩოში ასოცირების საბჭო საქართველოსა და ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობებს შეაფასებს.
„მოლაპარაკებების დროს შეაფასებენ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებისა და „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების“ იმპლემენტაციის კუთხით მიღწეულ პროგრესს. 2017 წლის ნოემბერში საქართველომ და ევროკავშირმა მიიღეს ასოცირების განახლებული დღის წესრიგი, რომელშიც განსაზღვრულია საერთო სამუშაოს პრიორიტეტები 2020 წლამდე“ – ნათქვამია პრესრელიზში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ასოცირების საბჭოს ფარგლებში იმსჯელებენ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის ადგილობრივ არჩევნებსა და საკონსტიტუციო რეფორმაზე.
ასევე ხაზს გაუსვამენ სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობას, რაც აუცილებელია დეზინფორმაციასთან საბრძოლველად.
საბჭოს შეხვედრაზე განხილული იქნება საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროსთან, ასევე განიხილება ადამიანის უფლებების დაცვის თემა.
მხარეები იმსჯელებენ ამ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.
ასოცირების საბჭო შეაფასებს 2017 წლის მარტში ამოქმედებული ვიზალიბერალიზაციის შედეგებსაც.
„დამატებით, განიხილება საქართველოში არსებული ეკონომიური სიტუაცია და ევროკავშირთან თანამშრომლობა, მათ შორის ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში. შეხვედრაზე შეაფასებენ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაციას. ასოცირების საბჭოზე იმსჯელებენ საგარეო პოლიტიკაზე, მათ შორის კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრის შესახებ. ევროკავშირი და საქართველო ასევე განიხილავენ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე.