ევროკავშირის ანგარიში - კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველო ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება
ევროკავშირმა დღეს საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ ყოველწლიურ ანგარიში გამოაქვეყნდა.
დოკუმენტი გამოქვეყნდა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მორიგ სხდომამდე, რომელიც 16 მარტს გაიმართება და ასახავს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებას ბოლო ერთი წლის განმავლობაში.
საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშში ჩანს, რომ საქართველო ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების და წამოწყებების ერთგულია.
„კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველო ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება“, აღნიშნულია ანგარიშში.
დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონთა კრებულთან (acquis) და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაზე მუშაობა ეფექტიანად მიმდინარეობდა. ამასთანავე, კვლავ არსებობს გამოწვევები საარჩევნო რეფორმისა და სასამართლო რეფორმის სფეროებში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არსებული ვითარება ცხადყოფს შემდგომი დემოკრატიული კონსოლიდაციის საჭიროებას, მათ შორის, ეუთო/ოდირის საბოლოო რეკომენდაციების გათვალისწინებით, ინკლუზიური დიალოგის საშუალებით, დროულად, 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის. მოკლევადიან პერიოდში, საჭიროა ინკლუზიური პოლიტიკური შეთანხმება უმრავლესობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, რათა შესაძლებელი გახდეს პარლამენტში მუშაობა ფართო რეფორმების დღის წესრიგის განსახორციელებლად. უფრო ფართო კონტექსტში, ქართულ პოლიტიკასა და მედიაში პოლარიზაციის განმუხტვა კვლავ პრიორიტეტია.
ანგარიშის თანახმად, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გამოწვევები რჩება. არსებითია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი სრულად შეესაბამებოდეს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას, გამჭვირვალედ განხორციელდეს და უზრუნველყოს პროცესის ჭეშმარიტი დამსახურების შესაბამისად წარმართვა, შემდგომი დანიშვნების დაწყებამდე.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ამიტომ სავაჭრო ნაკადების ხელშესაწყობად ქვეყანამ კანონმდებლობა ევროკავშირის სტანდარტებთან და ნორმებთან მეტ შესაბამისობაში მოიყვანა. სამომავლოდ, უმნიშვნელოვანესია კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის ინკლუზიური, ეკოლოგიურად დაბალანსებული და მდგრადი დაძლევის უზრუნველყოფა და შემდგომი წინსვლა ციფრული კომპეტენციების გასაძლიერებლად და ციფრული წიგნიერების ასამაღლებლად. სტრუქტურული რეფორმები კვლავ მნიშვნელოვანია, რადგან ისინი აუმჯობესებენ საქართველოს საინვესტიციო კლიმატს და სავაჭრო პოტენციალს და ქვეყნის ეკონომიკა ნაკლებად მოწყვლადი ხდება გარე ფაქტორებთან მიმართებაში.
„ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ძალისხმევის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავჯდომარეობისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადგილზე უწყვეტი მუშაობის მეშვეობით“, – აღნიშნულია ანგარიშში.