ევროკავშირის 10 ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ევროპული სამხედრო ძალების შექმნის დოკუმენტს მოაწერეს ხელი
ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი 10 სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრებმა ევროპული სამხედრო რეაგირების ძალების შექმნის შესახებ შესაბამის დოკუმენტს მოაწერეს ხელი.
თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ახალი ფორმატის წყალობით დიდ ბრიტანეთს ევროკავშირისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაწევა ბრექსიტის შემდეგაც შეეძლება. ჯგუფში გერმანია, საფრანგეთი, ბელგია, დიდი ბრიტანეთი, დანია, ნიდერლანდები, ესტონეთი, ესპანეთი და პორტუგალია შედიან.
ევროპული სამხედრო რეაგირების ძალების შექმნის ინიციატივა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ეკუთვნის. გასულ წელს საფრანგეთის პირველმა პირმა განაცხადა, რომ ევროკავშირს თავდაცვის ავტონომიური ძალები სჭირდებოდა, რომელსაც მოქმედება ნატო-სა და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის გარეშეც შეეძლებოდა. კოალიციური ძალების მიზანი, ევროპის საზღვრებთან ახლოს კრიზისის არსებობის შემთხვევაში, ოპერატიული რეაგირება იქნება.
„საერთო სწავლებებითა და კადრების სისტემატური გაცვლით ჩვენ ევროპის სტრატეგიულ კულტურას შევქმნით. შეგვეძლება, მზად ვიყოთ ნებისმიერი კრიზისისთვის, ოპერატიულად და ეფექტიანად მოვახდინოთ მათზე რეაგირება“, – განაცხადა დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, ფლორენს პარლიმ.