ევროკავშირი ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას მიესალმება, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მოგვარებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია
ევროკავშირი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას მიესალმება, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის სრული მოგვარებისკენ გადადგმული მხოლოდ პირველი ნაბიჯია.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაშია ნათქვამი.
„ბრძოლის შეწყვეტა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებისკენ გადადგმული მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ევროკავშირი თვლის, რომ აუცილებელია კონფლიქტის დიალოგის გზით მოგვარება, მათ შორის მთიანი ყარაბაღის სტატუსთან დაკავშირებითაც“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ბორელი აღნიშნავს, რომ რეგიონის ყველა მოთამაშემ თავი უნდა შეიკავოს ისეთი ქმედებებისა და რიტორიკისგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.
„ევროკავშირი ასევე მოუწოდებს რეგიონიდან ყველა უცხოელი მებრძოლის დაუყონებლივ და სრული გაყვანისკენ“, – ნათქვამია ბორელის განცხადებაში, თუმცა არ არის დაკონკრეტებული, ვის გულისხმობს ევროკავშირის უმაღლესი კომისარი.