ევროკავშირი წევრი სახელმწიფოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მესამე ქვეყნების წინააღმდეგ მიმართული დესტაბილიზაციური ქმედებებისთვის რუსეთს სანქციებს დაუწესებს
ევროკავშირმა დაამტკიცა ახალი მექანიზმი, რომელიც რუსეთის მხრიდან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მესამე ქვეყნების წინააღმდეგ მიმართული დესტაბილიზაციური ქმედებებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, ამიერიდან ევროკავშირს ექნება შესაძლებლობა წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის მხრიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებს. მათ შორის დასახელებულია საარჩევნო პროცესებისთვის და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებისთვის ძირის გამოთხრა, ეკონომიკური საქმიანობისა ან კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართული საბოტაჟი, კოორდინირებული დეზინფორმაციული კამპანიები, ინფორმაციით მანიპულირება და მავნებლური კიბერსაქმიანობა, მიგრანტების გამოყენება ინსტრუმენტად და ა.შ.
ევროპული საბჭოს პრესსამსახურის განცხადების თანახმად, მსგავსი ქმედებებზე საპასუხოდ ევროკავშირს ექნება უფლება კონკრეტულ პირებს გაუყინოს აქტივები, ევროკავშირში მოქმედ კომპანიებს კი სანქციების ქვეშ მყოფ პირებთან თანამშრომლობა აეკრძალებათ. ამასთან, შესაძლოა, ევროკავშირში მოგზაურობაზე შეზღუდვა დაუწესდეს ფიზიკურ პირებსაც.