ევროკავშირი წევრი ქვეყნებისთვის უკრაინის გავლით რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების გაგრძელებას აპირებს, განიხილება რუსული გაზსადენით აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხიც
ევროკავშირი უკრაინის გავლით რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების გაგრძელებას აპირებს. ასევე განიხილება რუსული გაზსადენით ევროკავშირში აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხიც.
როგორც გერმანული მედია წერს, რამდენიმე ევროპულ სახელმწიფოს უკვე დაწყებული აქვს მუშაობა, რათა უკრაინის გავლით რუსული გაზის ევროკავშირში მიწოდება გაგრძელდეს მას შემდეგაც, რაც კიევსა და მოსკოვს შორის გაფორმებული კონტრაქტის ვადა 2024 წლის ბოლოს ამოიწურება. კერძოდ, ევროკომისიაში და გერმანიის ეკონომიკის სამინისტროში იუწყებიან, რომ გერმანიის მთავრობა და ბრიუსელი აწარმოებენ მოლაპარაკებებს ევროკავშირის იმ წევრ სახელმწიფოებთან, რომლებიც რუსულ გაზს ტრანზიტით იღებენ.
ამასთან, ევროკავშირი განიხილავს რუსულ „გაზპრომთან“ კონტრაქტის გაფორმებასაც.
უკრაინაში მიმდინარე ომის მიუხედავად, რუსეთი აგრძელებს უკრაინის გავლით გაზის მიწოდებას ავსტრიაში, სლოვაკეთში, უნგრეთსა და ჩეხეთში. ივნისის დასაწყისში „ბლუმბერგი“ წერდა, რომ ევროკავშირის მაღალჩინოსნები განიხილავენ რუსეთისა და უკრაინის დამაკავშირებელი მილსადენით გაზის მიწოდების 2025 წელს გაგრძელების საკითხს. სააგენტოს ცნობით, ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება ევროპული კომპანიების მიერ გაზის აზერბაიჯანში შესყიდვა და მისი რუსული გაზსადენით ევროკავშირის ქვეყნებში მიწოდება.
მოგვიანებით „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ აზერბაიჯანული გაზის ევროკავშირში მიწოდების საკითხი ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად განიხილება და ამაზე უკრაინელი მაღალჩინოსნები მუშაობენ. თავის მხრივ, აზერბაიჯანში აცხადებენ, რომ ევროპაში ბუნებრივი აირის ექსპორტის გაზრდა სურთ, თუმცა ჯერ არ გაუფორმებიათ გრძელვადიანი შეთანხმება, რათა ინვესტიციები დააბანდონ გაზის დამატებით მოპოვებაში. აზერბაიჯანს შეუძლია, რუსეთთან ბუნებრივი აირი გაცვალოს, რაც მიღებული პრაქტიკაა, როდესაც ფიზიკურად შეუძლებელია ბუნებრივი აირის ერთი ადგილიდან მეორეში მიწოდება, მაგრამ, თეორიულად, ეს შეიძლება მოკლევადიან პერსპექტივაში მომგებიანი იყოს რუსეთისთვის. უკრაინული კომპანიის, „ნეფტოგაზის“ ხელმძღვანელმა, ალექსეი ჩერნიშოვმა განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემამ მუშაობა გააგრძელოს.