მედიის ცნობით, ევროკავშირი წევრ ქვეყნებს რეკომენდაციით მიმართავს, ჩინეთიდან ჩასულ მგზავრებს „კოვიდ-19“-ზე ტესტირების საბუთი მოსთხოვონ
მედიის ცნობით, ევროკავშირი წევრ ქვეყნებს რეკომენდაციით მიმართავს, ჩინეთიდან ჩასულ მგზავრებს „კოვიდ-19“-ზე ტესტირების საბუთი მოსთხოვონ

ევროკავშირი წევრ ქვეყნებს რეკომენდაციას უწევს, რომ ჩინეთიდან ჩასულ მგზავრებს „კოვიდ-19“-ზე ტესტირების დამადასტურებელი საბუთი მოსთხოვონ.

ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კორონავირუსის ტესტი უნდა ჩატარდეს ფრენის დაწყებამდე არაუმეტეს 48 საათისა.

„ევრონიუსი“ წერს, რომ გადაწყვეტილება, რომელიც იურიდიულად სავალდებულო არ არის, მიღებულია ევროკავშირის „ინტეგრირებული პოლიტიკური კრიზისის რეაგირების (IPCR)“ ჯგუფის მიერ. ეს არის ორგანო, რომელიც ეხმარება კრიზისების მართვის კოორდინაციას 27 წევრ სახელმწიფოს შორის.

მედიის ინფორმაციით, ევროკავშირში ასევე შეთანხმდნენ, რომ ჩინეთიდან ევროკავშირის მიმართულებით რეისებზე მგზავრებმა უნდა ატარონ სამედიცინო ნიღბები ან რესპირატორები, გარდა სხვა ჰიგიენური ზომებისა, რაც შეიძლება, ეროვნული ხელისუფლების მიერ იყოს დაწესებული; წევრ ქვეყნებს აგრეთვე მოუწოდებენ, ჩაატარონ „შემთხვევითი ტესტირება“ ჩინეთიდან ჩასულ მგზავრებზე.

ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ, როგორებიც არიან იტალია, საფრანგეთი და ესპანეთი, დააწესა საკუთარი ცალმხრივი სამოგზაურო ზომები ჩინეთში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მასობრივი გავრცელების საპასუხოდ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ გასული თვის ბოლო კვირაში ჩინეთში „კოვიდ-19“-ს 242 ადამიანი ემსხვერპლა. პარალელურად, ბრიტანეთში დაფუძნებულმა ჯანდაცვის ექსპერტთა ჯგუფმა განაცხადა, რომ ჩინეთში ყოველდღიურად დაახლოებით 9 000 ადამიანი შეიძლება იღუპებოდეს. პეკინმა მოგზაურობის შეზღუდვებს მიუღებელი და დისკრიმინაციული უწოდა.