ევროკავშირი წარმოადგენს იმ ქვეყნების „შავ სიას“, სადაც ოფშორულ ზონებს გადასახადების თავის არიდებისთვის იყენებენ
ევროკავშირი წლის ბოლომდე წარმოადგენს იმ ქვეყნების „შავ სიას“, სადაც ოფშორულ ზონებს გადასახადების თავის არიდებისთვის იყენებენ.
როგორც ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარი პიერ მოსკოვიჩი აცხადებს, ამჟამად ევროკომისია 90 ქვეყნის მონიტორინგს ატარებს. მისივე თქმით, თუ ამ ქვეყნების მთავრობა უარს იტყვის ევროკავშირის წესების და მოთხოვნების შესრულებაზე, მაშინ მათ წინააღმდეგ შეზღუდვები დაწესდება.
„ე.წ. საგადასახადო სამოთხეების სია 2017 წლის ბოლომდე ცნობილი გახდება. ევროკავშირი ამ მიმართულებით მკაცრი იქნება. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ფინანსური შუამავლების კონტროლის გამკაცრებაზე. მათი საქმიანობა გაცილებით გამჭვირვალე უნდა იყოს“, – განაცხადა ევროკომისარმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაავრცელეს ათასობით დოკუმენტი, რომელსაც Paradise Papers უწოდეს და რომელშიც მოცემულია ინფორმაცია ათასობით მდიდარი და გავლენიანი ადამიანის მიერ ოფშორულ ზონაში გადარიცხული მილიონობით დოლარის შესახებ. მათ შორის იყვენენ პოლიტიკოსები, სპორტსმენები და ბრიტანეთის დედოფალიც კი.