ევროკავშირი - ვგმობთ კრემლის გადაწყვეტილებას ევროგაერთიანების მაღალი რანგის რვა წარმომადგენლისთვის რუსეთში შესვლის აკრძალვის დაწესებაზე
ევროკავშირი გმობს კრემლის გადაწყვეტილებას ევროგაერთიანების მაღალი რანგის რვა წარმომადგენლისთვის რუსეთში შესვლის აკრძალვის დაწესებაზე, – აღნიშნულის შესახებ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.
„ეს გადაწყვეტილება მიმართულია პირდაპირ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ, უსაფუძვლოდ და ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთებისა გარეშე“, – აღნიშნა ბორელმა.
მისივე თქმით, მოცემული გადაწყვეტილებით რუსეთის ხელისუფლებამ ხაზი გაუსვა იმას, რომ მხარეთა შორის „უარყოფითი ტრაექტორიის“ შეცვლის მაგივრად, კვლავ დაპირისპირების გზა აირჩიეს.
30 აპრილს, ოფიციალურმა მოსკოვმა ევროკავშირის მაღალი რანგის რვა წარმომადგენლისთვის რუსეთში შესვლაზე აკრძალვა დააწესა. ეს შეზღუდვა ვრცელდება ევროპული პარლამენტის პრეზიდენტზე დევიდ სასოლიზე, ბერლინის პროკურატურის ხელმძღვანელზე იორგ რაუფახზე, შვედეთის ტოტალური თავდაცვის ბიოლოგიური, რადიაციული, ქიმიური და ბირთვული უსაფრთხოების ინსტიტუტის ხელმძღვანელზე ოსე სკოტზე, ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტოს ასამბლეის ფრანგული დელეგაციის წევრზე ჟაკ მერზე და სხვებზე.