ევროკავშირი ვენესუელაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს
ევროკავშირი ვენესუელაში 20 მაისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპული გაერთიანება ლათინური ამერიკის სახელმწიფოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს.
აღნიშნული საკითხი ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს. ამის შესახებ Deutsche Welle იუწყება.
ევროკავშირის მოთხოვნები და სანქციების შესაძლო დაწესება ვენესუელის ლიდერმა, ნიკოლას მადურომ ევროპული გაერთიანების მიერ ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობად შეაფასა.
20 მაისს ვენესუელაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ნიკოლას მადურომ ამომრჩეველთა ხმების 68-პროცენტიანი მხარდაჭერით გაიმარჯვა. არჩევნების შედეგებს ქვეყნის ოპოზიცია განუდგა. სამხრეთ ამერიკის რამდენიმე სახელმწიფომ ვენესუელიდან პროტესტის ნიშნად ელჩები გაიწვია. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კი ლათინური ამერიკის სახელმწიფოს წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა.
ავტორი -
გვანცა ფოცხვერია