ევროკავშირი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის დამატებით 500 მილიონი ევროს გამოყოფას გეგმავს
ევროკავშირი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის დამატებით 500 მილიონი ევროს გამოყოფას გეგმავს, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა ვერსალის სასახლეში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
„ჩვენ ვაპირებთ უკრაინისადმი სამხედრო მხარდაჭერაში ჩვენი წვლილი კიდევ 500 მილიონი ევროთი გავზარდოთ. მე ეს ინიციატივა გუშინ ლიდერებს შევთავაზე. ყველა (ევროპელი ლიდერი) აბსოლუტურად აცნობიერებს, რომ ჩვენ უნდა გავზარდოთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, რათა გავაგრძელოთ რუსეთზე ზეწოლა“, – აღნიშნა ბორელმა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, ევროპელ ლიდერები ასევე იმსჯელებენ რუსი ოლიგარქებისა და რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებაზე.