ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერის გრძელვადიან გეგმას ამზადებს, რომლის მოცულობაც 50 მილიარდ ევროზე მეტი იქნება.
ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომელიც „ყირიმის პლატფორმის“ რიგით მესამე სამიტში მონაწილეობდა.
„რუსეთის ხისტი ტაქტიკა და უკრაინულ პორტებზე თავდასხმა მიმართულია მსოფლიოში შიმშილის გავრცელებისკენ. ამიტომ ჩვენ მივესალმებით უკრაინის მცდელობას, მოძებნოს მარცვლეულის ექსპორტის ახალი გზები, კერძოდ, თურქეთის ჩართულობით. ევროკავშირი მხარს უჭერს მცდელობას, მოხვდეთ ახალ ბაზრებზე. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს არის ბრძოლა თქვენი მომავლისთვის, თქვენი ოცნების რეალიზაციისთვის“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
სამიტის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კისიდა, რომელმაც პირობა დადო, რომ უკრაინას 7 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარებას გადასცემს და მონაწილეობას მიიღებს უკრაინის ომის შემდგომ აღდგენის პროცესში.