ევროკავშირი უკრაინასთან უვიზო რეჟიმის შენარჩუნების ექვს პირობას ასახელებს 
ევროკავშირი უკრაინასთან უვიზო რეჟიმის შენარჩუნების ექვს პირობას ასახელებს 

ევროკავშირმა უკრაინასთან უვიზო რეჟიმის შენარჩუნების პირობები დაასახელა. ბრიუსელი კიევისგან რეფორმების განსახორციელებლად და მდგრადობის შესანარჩუნებლად დაუყოვნებლივ მოქმედებას ითხოვს.

უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალ მექანიზმთან დაკავშირებით ევროკომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ უკრაინა საერთო ჯამში სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმებს ასრულებს, თუმცა კიევმა ყურადღება უნდა მიაქციოს მთელ რიგ საკითხებს. დოკუმენტში დასახელებულია 6 მოთხოვნა. ბრიუსელი განიხილავს კიევისა და ევროკავშირის ინსტიტუტების თანამშრომლობის გაძლიერებას არარეგულარული მიგრაციის პრევენციისთვის.

ბრიუსელი ელოდება ინფორმაციული კამპანიის ჩატარებას მოქალაქეების უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით.

ევროკავშირი უკრაინისგან ასევე ითხოვს კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს აღდგენას და ანტიკორუფციული სასამართლოს შესაქმნელად რეფორმირების გზაზე დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას.

გარდა ამისა, ევროკავშირმა უკრაინისგან მოითხოვა ანტიკორუფციული კამპანიის აქტივისტების შემოსავლების ელექტრონულ დეკლარაციასთან დაკავშირებული ცვლილებები გააუქმოს და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა გააძლიეროს.

შენგენის ქვეყნებთან უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 11 ივნისიდან მოქმედებს. ევროკავშირი ნებისმიერ ქვეყანასთან ვიზების დაბრუნების უფლებას იტოვებს, თუ ჩათვლის, რომ კონკრეტული სახელმწიფო მიგრაციული საფრთხის წყაროა.