ევროკავშირი უკრაინასთან და სომხეთთან ერთიანი საჰაერო სივრცის შეთანხმებას გააფორმებს
ევროკავშირი უკრაინასთან და სომხეთთან ერთიანი საჰაერო სივრცის შეთანხმებას გააფორმებს

ევროკავშირი უკრაინასთან და სომხეთთან ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმებას გააფორმებს.

ამის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მინისტრებმა 28 ივნისს მიიღეს.

როგორც ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურში აცხადებენ, ევროკავშირი მზად არის, ხელი მოაწეროს ოთხ მნიშვნელოვან საავიაციო შეთანხმებას და გააძლიეროს მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილება.

უკრაინისა და სომხეთის გარდა, ანალოგიურ შეთანხმებას ევროკავშირი გააფორმებს ასევე ყატართან და ტუნისთანაც. ხელშეკრულებები ოფიციალურად შემოდგომაზე გაფორმდება, შემდეგ კი, მათი რატიფიკაცია ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოახდინონ. მანამდე, ოთხივე ქვეყანასთან შეთანხმება დროებით იმოქმედებს.

ევროკავშირში იმედი აქვთ, რომ ერთიანი საავიაციო სივრცის შესახებ შეთანხმება უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეებს ევროკავშირში ფრენების მეტ შესაძლებლობას მისცემს და ასევე ხელს შეუწყობს კონკურენციის გაზრდას ავიაგადაზიდვების სფეროში, შედეგად კი შესაძლოა, ბილეთები გაიაფდეს.

ანალოგიური შეთანხმება ევროკავშირმა საქართველოსთან 2010 წელს გააფორმა.