ევროკავშირი უახლოეს დღეებში შეათანხმებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს, რომელიც მაღალი რანგის ოფიცრებსა და ფიზიკურ პირებსაც შეეხება
ევროკავშირი უახლოეს დღეებში შეათანხმებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს, რომელიც მაღალი რანგის ოფიცრებსა და ფიზიკურ პირებსაც შეეხება

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი უახლოეს დღეებში იქნება შეთანხმებული.

მისივე თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ოთხი მიმართულება განისაზღვრება. სანქციების სამიზნე იქნებიან მაღალი რანგის რუსი სამხედრო ოფიცრები, რომლებმაც ჩაიდინეს ომის დანაშაულები ბუჩასა და მარიუპოლში; რუსეთის უმსხვილესი ბანკი, „სბერბანკი“ უნდა გაითიშოს „სვიფტის“ საბანკო გადარიცხვების სისტემიდან;

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამი მსხვილი რუსული მაუწყებელი ევროკავშირის საკაბელო, სატელიტური და ინტერნეტის ქსელებიდან უნდა ჩაიხსნას.

„პუტინმა უნდა გადაიხადოს მაღალი საფასური მისი სასტიკი აგრესიისთვის. ევროკავშირის მომავალი ასევე იწერება უკრაინაში. დღეს ჩვენ წარმოვადგენთ სანქციების მეექვსე პაკეტს. ჩვენი სანქციები შეეხება მაღალი რანგის ოფიცრებსა და ფიზიკურ პირებს, ვინც ომის დანაშაულები ჩაიდინეს ბუჩაში. ასევე მათ, ვინც პასუხისმგებელია მარიუპოლის არაადამიანურ ალყაში. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიგნალი ყველა დამნაშავისთვის კრემლში. ჩვენ ვიცით, ვინ ხართ თქვენ, პასუხს გაგეგბინებთ და ამას თავს ვერ დააღწევთ. მეორეა „სბერბანკის“ „სვიფტიდან“ გამორთვა. ეს უდიდესი რუსული ბანკია, რომელსაც მთელი საბანკო სისტემის 37 პროცენტი უჭირავს. ასევე „სვიფტიდან“ გამოირთვება რუსეთის სხვა ძირითადი ბანკებიც. ჩვენ გავამყარებთ რუსული საფინანსო სისტემის სრულ იზოლაციას გლობალური სისტემიდან. ასევე სამი უმსხვილესი რუსული მაუწყებელი ვეღარ შეძლებს თავისი მასალის გავრცელებას ევროკავშირში. ესენი არიან რუპორები, რომლებიც აძლიერებენ პუტინის ტყუილებს და პროპაგანდას აგრესიული ფორმით. ბოლოს ეს ეხება ნავთობის იმპორტის აკრძალვას. ეს მარტივი არ იქნება, რადგან ზოგიერთი წევრი ძალიან დამოკიდებულია რუსულ ნავთობზე, მაგრამ ჩვენ უბრალოდ უნდა გავაკეთოთ ეს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.