ევროკავშირი-სომხეთის პარტნიორობის საბჭოს სხდომაზე პარტნიორობის ახალი დღის წესრიგი, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგის დაწყების პერსპექტივები განიხილეს
ბრიუსელში ევროკავშირი-სომხეთის პარტნიორობის საბჭოს მეხუთე შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ევროპული საბჭო ავრცელებს ინფორმაციას.
სხდომას თავმჯდომარეობდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი, ხოლო სომხეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი.
ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს ევროკავშირისა და სომხეთის ორმხრივი ინტერესი, ვალდებულება, გააძლიერონ და გააღრმაონ საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობა. ამ მიზნით, შეთანხმდნენ, რომ დაიწყონ მუშაობა ევროკავშირ-სომხეთის პარტნიორობის ახალ დღის წესრიგზე.
„ევროკავშირმა და სომხეთმა განიხილეს ევროკავშირი-სომხეთის ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის შეთანხმების იმპლემენტაცია და მიესალმნენ მიღწეულ პროგრესს. საბჭომ განიხილა სომხეთის რეფორმები, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები, ეკონომიკური, სავაჭრო და სექტორული თანამშრომლობა, მიგრაცია, ასევე ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგის დაწყების პერსპექტივები“, – აღნიშნულია ევროპული საბჭოს ინფორმაციაში.
საბჭოს ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს რეგიონული საკითხები და საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკა. ევროკავშირმა ასევე განცხადა ყარაბაღელი სომხების მხარდასაჭერად დამატებით 5,5 მილიონ ევროს გამოყოფის შესახებ.
როგორც ევროპული საბჭოს ინფორმაციაშია აღნიშნული, მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების აუცილებლობას.