ევროკავშირი საქართველოში Erasmus+ პროგრამისთვის დამატებით 6 მილიონ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი საქართველოში Erasmus+ პროგრამისთვის დამატებით 6 მილიონ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი საქართველოში Erasmus+ პროგრამისთვის დამატებით 6 მილიონ ევროს გამოყოფს, შესაბამისად, მომავალ ორ წელიწადში სტიპენდიების რაოდენობა 800-ით გაიზრდება.

Erasmus+ ეროვნულმა ოფისმა  უნივერსიტეტების, პროფესორებისა და სტუდენტებისთვის საინფორმაციო ღონისძიება გამართა, რომელიც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა გახსნეს.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, წელს ევროკავშირი Erasmus+ პროგრამის განხორციელებისთვის დამატებით ბიუჯეტს გამოყოფს, რაც მეტი პროექტის განხორიეცელების საშუალებას იძლევა და მნიშვნელოვნად ზრდის სტიპენდიების რაოდენობას.

„Erasmus+ პროექტებსა და სტიპენდიებზე არსებული მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით ევროკავშირმა ე.წ. მიზნობრივი დაფინანსების ფანჯარა გახსნა საქართველოსთვის მომავალი ორი საგრანტო კონკურსისთვის. ეს ნიშნავს დამატებით 6 მილიონ ევროს 2019-2020 წლებში. Erasmus+ დამატებითი ბიუჯეტი გულისხმობს საქართველოში უმაღლესი განათლების რეფორმის გაზრდილ მხარდაჭერას და სტუდენტებისა და პროფესორებისათვის 800–ით მეტ სტიპენდიას“, – აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Erasmus+ ევროკავშირის პროგრამაა 2014–2020 წლებში განათლების, გადამზადების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროში. საქართველოში ეს პროგრამა  2015 წლიდან მოქმედებს, რომელმაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მანამდე არსებული საგანმანათლებლო პროგრამები (Tempus, Erasmus Mundus Action 2) შეცვალა. საქართველო Erasmus+ პროგრამის ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა პროექტებისა და სტიპენდიების მაღალი რაოდენობით.