2018 წლის დეკემბერში ევროკავშირმა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 110 მილიონი ლარი გადარიცხა
2018 წლის დეკემბერში ევროკავშირმა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 110 მილიონი ლარი გადარიცხა

2018 წლის დეკემბერში ევროკავშირმა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 110 მილიონი ლარი (36.8 მლნ ევრო) გადარიცხა, რითაც სხვადასხვა სფეროში მთავრობის მიერ რეფორმების განხორციელებაში წინსვლა დაადასტურა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი.

საუბარია 2017 და 2018 წლებში სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების, მართლმსაჯულების, საჯარო სამსახურის რეფორმის, საკანონმდებლო ჰარმონიზების და ბიზნესის მხარდაჭერის, განათლებისა და შრომის ბაზრის სფეროებში განხორციელებულ რეფორმებზე.  ყველა რეფორმის მიზანი წინასწარ არის შეთანხმებული და მათი მიღწევის შეფასება დამოუკიდებელი ანგარიშების საფუძველზე ხდება.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განმარტავს, რომ ევროკავშირის გადარიცხვები არის გრანტები და მთავრობის მიერ არ უნდა ანაზღაურდეს.

„ევროკავშირის თანამშრომლობა მთავრობასთან სექტორული რეფორმების განხორციელების კონტრაქტების ფარგლებში, საშუალებას აძლევს მთავრობას, მიაღწიოს შედეგებს, რაც ჩვენი დაფინანსების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ჩვენი წლიური შეფასებები აჩვენებს ამ პროგრამების მიერ მიღწეულ არსებით ზეგავლენას. მაგალითად, გაუმჯობესდა იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობა, სურსათისა და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისობა და ბიზნესის განვითარებისთვის გაზრდილი მხარდაჭერა. ეს მხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეთა ცხოვრებისთვის ხელშესახებ გაუმჯობესებას ქმნის და ველოდები, რომ თანამშრომლობა წლების განმავლობაში გაგრძელდება“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.

როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, ევროკავშირი  მიესალმება მთავრობის  მიღწევებს 2017 წელს სხვადასხვა სფეროში.

სექტორული რეფორმების განხორციელების კონტრაქტები ევროკავშირის თანამშრომლობის ინსტრუმენტია, რომელიც პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტში პირდაპირ ფინანსურ გადარიცხვებს მოიცავს. ევროკავშირი ყოველწლიურად გადარიცხავს თანხებს, როდესაც მთავრობა შეთანხმებულ შედეგებს იღებს. კერძოდ, მთავრობას მოეთხოვება შეინარჩუნოს დამაკმაყოფილებელი შედეგები მაკროეკონომიკური პოლიტიკის, საჯარო ფინანსების მართვისა და ბიუჯეტის გამჭვირვალობის სფეროებში ყველა გადახდებისთვის და ამასთანავე, ერთვება დამატებითი მიზნები სხვადასხვა პოლიტიკის სფეროებში, როგორიცაა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, განათლება, საჯარო ფინანსების მართვა და ა.შ. თუ ევროკავშირი მიიჩნევს, რომ რომელიმე პუნქტის შესრულება საკმარისი არ არის, იგი აჩერებს თანხის ნაწილის ან მთელი თანხის გადახდას, სანამ არ დადგინდება სანდო დასტური ან ზომები.

საქართველოსთვის სექტორული რეფორმების განხორციელების კონტრაქტების უმრავლესობა არის კონკრეტული სექტორისთვის უფრო ფართო მხარდაჭერის პაკეტის ნაწილი და გაერთიანებულია თანმხლები პროექტების დაფინანსებასთან, როგორიცაა მაგალითად, კოოპერატივებისთვის გრანტებისა და ტექნიკური დახმარება სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო (ENPARD) პროგრამის ფარგლებში.