ევროკავშირი - საქართველო ასოცირების შეთანხმების ერთგული რჩება, თუმცა მნიშვნელოვანია, გაანეიტრალოს მზარდი პოლიტიკური პოლარიზაცია, გამოხატოს საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მზაობა
ევროკავშირმა „საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ“ მეოთხე ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშის ქართული თარგმანი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებგვერდზეა განთავსებული.
მასალის მიხედვით, ევროკავშირის ანგარიშში მთავარი ყურადღება ეთმობა რეფორმების ტემპის შენარჩუნებას და პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციის მნიშვნელობას.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველო ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების ერთგული რჩება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მომავალი თვეების განმავლობაში საქართველომ გაანეიტრალოს მზარდი პოლიტიკური პოლარიზაცია და გამოხატოს მიმდინარე რეფორმების გატარების მზაობა, განსაკუთრებით საარჩევნო და სასამართლო რეფორმების სფეროებში.
„საქართველო კვლავ ევროკავშირის საიმედო და მნიშვნელოვანი პარტნიორია. მომდევნო თვეების განმავლობაში ყურადღებით დავაკვირდებით პოლიტიკურ მოვლენებს, ქვეყანაში არსებული მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციის გათვალისწინებით. ველით, რომ წელს არჩევნები თანაბარი პირობების დაცვით და პლურალისტურ მედია გარემოში ჩატარდება“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა.
ამასთან, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის მეშვეობით კონფლიქტის მოგვარების საკითხში კვლავ აქტიურად ვართ ჩართული. გადამწყვეტია, რომ საქართველომ განაგრძოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში საკვანძო რეფორმების განხორციელება. საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის გასაძლიერებლად საჭიროა დამატებითი სტრუქტურული რეფორმები ისეთ სფეროებში, როგორიცაა, მაგალითად, საფინანსო ინფრასტრუქტურა, საერთაშორისო ბაზრებთან უკეთესი ინტეგრაცია და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება. საქართველოს ჩართულობა უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლაში კვლავ ძალიან მნიშვნელოვანია. ევროკავშირი მზად არის, დაეხმაროს საქართველოს ამ ძალისხმევაში“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.
ამასთან, როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაშია აღნიშნული, ძირითადი დასკვნები საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელიც ასოცირების საბჭოს 2019 წლის მარტში ჩატარებული ბოლო შეხვედრის შემდგომ პერიოდს ასახავს, ჩანს, რომ საქართველო ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების და წამოწყებების ერთგულია.
„საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონთა კრებულთან (acquis) და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაზე მუშაობა, განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა სფეროში, ეფექტიანად მიმდინარეობდა. ამასთანავე, კვლავ არსებობს გამოწვევები საარჩევნო რეფორმის, პოლიტიკური დიალოგისა და სასამართლო რეფორმის სფეროებში. შემდგომში, არსებითია, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში, ხოლო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იყოს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია, პროცესი გამჭვირვალედ განხორციელდეს და კანდიდატთა წარდგენა ჭეშმარიტი დამსახურების შესაბამისად წარიმართოს. 2020 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების და რეფორმების მეოთხე ტალღის განხორციელება. ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ამიტომ ქვეყანამ საკვები და არასაკვები პროდუქტებით ვაჭრობის ხელშესაწყობად კანონმდებლობა ევროკავშირის სტანდარტებთან და ნორმებთან მეტ შესაბამისობაში მოიყვანა. დამატებითი სტრუქტურული რეფორმები საჭიროა იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკა ნაკლებად მოწყვლადი იყოს საგარეო მოვლენებთან მიმართებაში და საინვესტიციო კლიმატი გაუმჯობესდეს. მიუხედავად იმისა, რომ ენერგეტიკის სექტორის მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავება გრძელდება, ენერგორესურსებთან დაკავშირებული საქართველოს მიერ ევროკავშირის კანონთა კრებულის (acquis) შესრულება მთლიანობაში მხოლოდ 25%-ს შეადგენს. კლიმატთან დაკავშირებული გადაუდებელი ღონისძიებების აუცილებლობის გათვალისწინებით, ენერგოეფექტურობის შესახებ კანონების მიღება ძალზე მნიშვნელოვანი იქნება“, – ნათქვამია საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ 2019 წლის ანგარიშში.